,,დავით ნარმანიამ მამლაყინწური გამონათქვამები უნდა შეცვალოს”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის ავტობუსების პარკის განახლებასა და მერიის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული დაბალანაზღაურებადი ადამიანებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა, ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ამ მოთხოვნით თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს.
როგორც ჟურნალისტებს სევდია უგრეხელიძემ განუცხადა, დავით ნარმანიამ ყოყლოჩინობა და ამპარტავნება უნდა დაივიწყოს და მოუსმინოს მათ, ვისაც პრაქტიკა აქვს თბილისის მშენებლობის.

“ქართული ოცნება” აღარ მალავს იმას, რომ მერიის და ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა. დავით ნარმანიამ გიორგი კვირიკაშვილის შენიშვნების შემდეგ მაინც უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა მეტი აქტივობა და მოუსმინოს მათ ვისაც პრაქტიკა აქვს ამ ქალაქის მშენებლობის.

მერიას გასულ წელს 30 მილიონი ნაშთი დარჩა ბიუჯეტიდან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს 30 მილიონი გამოიყენონ ქალაქისათვის სასიცოცხლო პრობლემების მოსაგვარებლად.

საჭიროა, პირველ რიგში, ავტობუსების შესყიდვისათვის გამოვიყენოთ ეს თანხა და სრულად თუ არა, ნაწილი ავტრობუსების მაინც შეიცვალოს. ადამიანები უკვე სრულიად გაუსაძლის პირობებში მგზავრობენ მუნიციპალური ტანსპორტით და მერიამ კვლავაც ვერ მოაბა თავი ტენდერის გამოცხადებას.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ადამიანებს, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან, ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ეკონომიკური მდგომარეობა და 20 პროცენტით მოუმატონ ხელფასი.

ამ მოთხოვნებით ჩვენ მივმართავთ ქალაქის მერიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონმა ნარმანიამ ყოყლოჩინობა და ამპარტავნება უნდა დატოვოს და ეს მამლაყინწური გამონათქვამები, რომ მას არავის რჩევა არ სჭირდება, უნდა შეცვალოს, რადგან ეს არის ხალხის ხმა”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
საკრებულოს წევრის ირაკლი აბესასაძის თქმით კი, დასაკარგი დრო და დასაკარგი მილიონები აღარ არის. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს, რომ “ქართულ ოცნებას” და დავით ნარმანიას მუდმივად მიაწოდოს სწორი გადაწყვეტილებები, თუ რაში უნდა იხარჯებოდეს თბილისის ბიუჯეტი.
“ვაპირებთ ყოველკვირეულად მივიწვიოთ მთავრობის წევრები ფრაქციის სხდომაზე და მოვთხოვოთ პასუხები პრობლემებზე და იმ დაუხარჯავ თანხებზეც, რომელიც ქალაქში ამდენი პრობლემის მიუხედავად დაუხარჯავი დარჩა”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალ წელს მერიიდან გათავისუფლებული 120 თანამშრომელი სასამართლოში ჩივილს აპირებს
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია