მერმა კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად , კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შედგება და პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი, გაზაფხულზე გზის საფარი დაიგება.

“მთლიანად კაპიტალურად 6 კილომეტრიანი გზა კეთდება. ასევე კეთდება 16 საინჟინრო ნაგებობა, რომლებიც ამ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე არის განთავსებული. მათ შორის არის მილები, რაც წყალს აარიდებს გზას და შესაბამისად, უფრო უსაფრთხო იქნება, ასევე შენდება დამცავი კედლები, რათა გზა ცალკეულ მონაკვეთებში გზა უფრო მეტად გაფართოვდეს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე, მწყობრიდან არის გამოსული წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვებულია გზის მონაკვეთები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საყრდენი კედლის, 16 სანიაღვრე მილის, წყალმიმღები ჭების და კიუვეტების მშენებლობა. გზა, ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, გაგანიერდება და ასფალტის ახალი საფარი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კანონიერი ქურდი “ლავას ოღლი” იმერეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიამეწყერი სოფელ ზემო სურებში-მოსახლეობა გარესამყაროს მოწყდა