დავით ნარმანიამ 2016 წელი შეაჯამა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე კი, 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.

ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე წელი შეაჯამა.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, ასევე, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გადადგმული ნაბიჯები. 2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება.

2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში, ჩუღურეთის რაიონში, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში, თემქაზე, სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში და საბურთალოზე. ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება: დიდუბეში, გლდანში, ორი ბაღის მშენებლობას დავიწყებთ დიდ დიღომში, 2 ბაღი აშენდება ნაძალადევში, ასევე, ახალი ბაღი აშენდება ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე. აღვადგინეთ დახურული ბაღები და გავხსენით ახალი ჯგუფები უკვე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რამაც ბაღების ნაწილში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოგვცა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებს, თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები 600-მდე მისამართზე ჩატარდება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვა.

ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს.

„პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს შეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს