დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა საზოგადოებას მთელი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა.

“14 ივნისს გამთენიისას დავიწყეთ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები. 480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. ასევე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. სულ დახმარებისა და შემოწირულობის სახით 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს და ასევე, “ქართუ ჯგუფის” მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ ლარს”.

მერის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობას ინფრასტრუქტურის აღდგენა 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ზიანის მიხედვით დადგინდა და განისაზღვრა კატეგორიები, რის მიხედვითაც პირველ კატეგორიაში მოხვედრილი სახლის მეპატრონეები თითქმის სრულად დაკმაყოფილებულია.

“დაზარალებული ოჯახების 95%-ზე მეტმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ახლა უზრუნველყოფილები არიან. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს კი სარემონტო სამუშაოები უტარდებათ”, – აღნიშნა მერმა.

ამასთან, ანგარიშის პრეზენტაციისას ნარმანიამ აღნიშნა, რომ მომავალში მერია ყველაფერს გააკეთებს თანამოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

banner
წინა სტატიაში(video) აკტობეში ტერორისტების თავშესაფრის განადგურების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია(video) მერკელმა ერდოღანის კრიტიკის გამო ბუნდესტაგს ტაში დაუკრა