დავით ნარმანია – როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს ადამიანურად უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით

განსხვავებული აზრის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა და ეს უნდა იყოს ცივილური, წესიერი ფორმით და არავის აქვს უფლება, რომ საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანია გუშინ დედაქალაქის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკითხი არავითარი განსაკუთრებული დაჩქარებული წესით მიღებული არ ყოფილა. ის ძალიან დიდი ხანი მზადდებოდა. როცა საუბარია მიწისქვეშა პარკინგის პროექტზე, რაც ქალაქს ძალიან სჭირდება, აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ პროექტებს. ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება, რათა ჩვენს ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია ის ფორმა, რომლითაც პარლამენტის დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, დავით ნარმანიას განცხადებით, როცა ადამიანებს აქვთ განსახვავებული აზრი, მის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა და ეს უნდა იყოს ცივილური, წესიერი ფორმით და არავის აქვს უფლება, რომ საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს.

“როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს ნორმალურად, ადამიანურად და სათანადოდ უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით, არა ხმამაღალი შეძახილებით და ა.შ. საკრებულო არის ორგანო, ჩვენი თანამოქალაქეების მიერ არჩეული წევრები, რომლებიც საკრებულოში უმრავლესობაში არიან და უნდა აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც ეხება ქალაქს. პარკინგთან დაკავშირებული საკითხი ქალაქს სჭირდებოდა, სხვა ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, მხოლოდ და მხოლოდ ხელისშეშლად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, საუბარია სასტუმროს გვერდით პარკინგის მშენებლობაზე და იქ ბუნებრივია, გეოლოგიური დასკვნა არსებობს.

“ეს ტერიტორია ვარგისია მრავალსართულიანი პარკინგის მშნებლობისთვის, ასე, რომ იქ რაიმე საფრთხე პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს” – განაცხადა ნარმანიამ.

გუშინ საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების გამო, სხდომა საათნახევრით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს, მზად ვართ, ავითვისოთ მასთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი
შემდეგი სტატიასოფელ დუისში “პანკისობა-2017” მიმდინარეობს