დავით ნარმანია: ოპოზიციის განცხადება დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

საკრებულოს ოპოზიციის განცხადებები დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში განაცხადა.
დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში იმყოფება. მან საკრებულოს სხდომაზე თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინოს.
საკრებულოში იმყოფებიან ასევე თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
დავით ნარმანიამ მედიასთან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ძალიან დეტალურადაა გაწერილი და გამჭვირვალეა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტით საზოგადოებას ბევრ სიახლეს სთავაზობენ. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდება. განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგეგმილია ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, რისთვისაც 42 მილიონ ლარზე მეტი იქნება მიმართული.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ყველაზე მსხვილი პროექტი ამ მხრივ განხორციელდება ა ღმაშენებლის გამზირზე. კერძოდ, მარჯანიშვილიდან ზაარბრუკენის მოედნამდე შენობების რეაბილიტაცია მოხდება. ასევე გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში აღნიშნული მოედნისა და მიმდებარე სახლების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე დაგეგმილია 7 მეტროსადგურის განახლება. მოხდება გარკვეული ხიდებისა და გზების მოდერნიზაცია, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე დასრულდება გზაგამტარი, ასევე კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები გაკეთდება.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მომავალ წელს დაგეგმილია ათი ახალი საბავშვო ბაღის აშენება.
“2015 წელს 7 ბაღის აშენება გვქონდა პროექტით გათვალისწინებული. მათი უმეტესობა დასრულდა, ნაწილი გაზაფხულზე დასრულდება. ეკოლოგიური, გამწვანების თვალსაზრისითაც აქტიურად ვმუშაობთ. 2 მილიონი დაიხარჯება მდინარე ვერეს ხეობაში პარკის მოწყობის პირველი სამუშაოებისათვის, რომლის კონცეფციაც გამარჯვებული კომპანიის საფუძველზე შეირჩა”, – აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერმა საუბრისას უარყო ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება, კერძოდ, სოციალური მუხლით 4 მილიონი ლარით მცირდება.
ნარმანიას თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 9,3 მლნ ლარით გაიზრდება.
“ასე, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს ამ მიმართულებით არის 4 მილიონით კლება, დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. სხვა რომ ვერაფერი ვერ ნახეს, ტყუილებზე გადავიდა ოპოზიცია. ცდილობენ, ხალხი მოატყუონ. თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, ეს მათ არ გამოუვათ”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“მურუსიძე გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს”- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ორშაბათს გაირკვევა, ვიქნები თუ არა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი