დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი, დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და თბილისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდეს შემოქმედებას, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ, ასევე, მომავალ თაობებს დაუტოვა.

მხატვრის 120-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მოეწყობა ოთხი სეზონური გამოფენა. ხვალიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება საგამოფენო დარბაზს ესტუმროს და ამ ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში ექსპოზიცია დაათვალიეროს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ამ უნიკალური ნამუშევრების ნახვისა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ და თითოეული ჩვენგანი ვიცნობდეთ მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის იმ არაჩვეულებრივ შემოქმედებას, იმ უნიკალურ ნამუშევრებს, რომელიც მხატვრის მიერ სხადასხვა დროს იქნა შესრულებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პირველი საიუბილეო გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.

banner
წინა სტატიაშიკობა კობალაძე ამერიკის საელჩოს ატაშეს შეხვდა
შემდეგი სტატია,,ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ ხდება ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს”