დავით ნარმანია: დაახლოებით 560 000 ხეა ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული

თბილისის მერი საკრებულოში გამწვანების საკითხებზე 26 აგვისტოს ისაუბრებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

„დედაქალაქის საკრებულოში გაიგზავნა ჩემი ხელმოწერით წერილი, რომლის საფუძველზეც მე პარასკევს წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე იმ საკითხებით, რაზეც დღეს გვექნება საუბარი. რაზეც შევჯერდებით და რომლის რაციონალური ნაწილიც იქნება მომავალში გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

„ესაა პლატფორმა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აირჩია წინასაარჩევნოდ და შესაბამისად, მიუყვება ამის განხორციელებას. ეს არის ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები და ბუნებრივია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. დაახლოებით 560 000 ხეა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული, რაც მნიშვნელოვანია და ეს გამწვანების პოლიტიკა გაგრძელდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე და მომდევნო წელს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და არასამთავრობო სექტორს გარემოსდაცვითი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა შესთავაზა.

„ქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტი, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის, რომლის შემუშავებაშიც ბევრი თქვენგანი ჩართული იყო და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის, რაც ამ დოკუმენტის მომზადებაში გაქვთ ჩადებული. ჩემი დაპირება იყო, რომ გარემოს დაცვის სტრატეგიას მისი სამოქმედო გეგმაც მოყვებოდა. სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწყებულია და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს გეგმა უნდა გვქონდეს. ეს იქნება დროში და სივრცეში გაწერილი დოკუმენტი. გთავაზობთ, რომ სამუშაო ფორმატში ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე შემოდგომის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: უმეგობროდ ყოფნა ისეთივე მავნებელია, როგორც სიგარეტი
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “მაიმუნი ვირიშვილი ეს”- ნარმანია შეხვედრაზე მისულ გარემოს დამცველს მიმართავს