დავით ნანობაშვილის რჩევები-ვის ემუქრება ყველაზე მეტად დაავადება კორონავირუსი

კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია. ამ დაავადებამ ყველაფერზე მოღლიცინე ქართველი ერიც კი დაადარდიანა. ყველა შეწუხებული და შეშინებულია. იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი მიიჩნევს, რომ პანიკისთვის მიზეზი ჯერ არ გვაქვს.

დაგვიცავს თუ არა ჭაჭა კორონავირუსისგან, ვის ემუქრება ყველაზე მეტად ეს დაავადება, რატომ უნდა ვიაროთ ფეხით, ვინ უნდა ატაროს პირბადე – ამის შესახებ იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი „თაიმერს“ ესაუბრება.

– ბატონო დავით, კორონა ვირუსი ყველაზე მეტად ვის ემუქრება? რა დაავადებების მქონე ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ?
– ვისაც იმუნური სისტემა მწყობრში აქვს, მასთან დაკავშირებით რისკები არის მკვეთრად ნაკლები. ვისაც აქვს იმუნური სისტემის დაქვეითება და სისხლის მიმოქცევის მოშლა, მათ შემთხვევაში რისკები იზრდება. როდესაც არის ავტოიმუნური დაავადებები, როდესაც იმუნოდეპრესანტებს იღებენ ავადმყოფები, იმუნურ სისტემას ხელოვნურად აქვეითებენ, რათა არ მოხდეს იმუნური სისტემის გამწვავება. ისინი არიან რისკის ქვეშ. რისკის ქვეშ არიან ისინიც, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო აქვთ სისხლის მოძრაობის მკვეთრი მოშლა. ეს არის ათეროსკლეროზი, ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლები, მათ შორის არის დიაბეტიც. ყველა ეს ადამიანი არის რისკის ქვეშ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს ასაკი, მისი რისკებიც იზრდება. 24 წლამდე ასაკის ადამიანებში რისკები მაღალი არ არის. მათ კორონავირუსი როგორც ჩვეულებრივი გრიპი შეიძლება ისე გადაიტანონ.
– ქვეყანაში არის პანიკა და გვაქვს თუ არა საამისოდ საქმე. ამ პანიკის მიუხედავაც ხალხს თვითშემოქმედებაც არ სტოვებს და რჩევებს იძლევიან. განსაკუთრებით ჭაჭას უწევენ რეკომენდაციას. მართლა დაგვიცავს ჭაჭა კორონავირუსისგან?
– ჭაჭა არ შველის. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ჩვენი იმუნური სისტემა ქვეითდება. ამიტომ სულაც არ არის საჭირო ზედმეტი ალკოჰოლის მიღება. სამაგიეროდ ძალიან კარგია შავი, მშრალი ღვინო, როგორიც არის საფერავი. სადილზე ერთი ჭიქის მიღება რეკომენდირებულია. შავ ღვინოში, განსაკუთრებით საფერავში, არის ასეთი ნივთიერება რესერატოლი. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ რას აკეთებს ეს ნივთიერება. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება. ამიტომ შავი ღვინის მიღება არ იქნება ურიგო. ოღონდ საუბარია დღეში ერთ ჭიქაზე და არა დიდ რაოდენობაზე.
– მზის სხივები კლავს კორონავირუსსო, ამაზე რას გვეტყვით?
– მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად ყველა ვირუსი წუთებში იღუპება. სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ გამოვიტანთ მზის სხივებზე. თბილისში დათბა. კიდევ უფრო დათბება და ვირუსის გავრცელების საფრთხე სავარაუდოდ დაიწყებს კლებას. სადღაც 10 მარტის მერე ხიფათები უნდა შემცირდეს.
ჩვენს შემთხვევაში სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის მოუმზადებლობა და სამედიცინო თვალსაზრისით გაუნათლებლობა. როდესაც ადამიაები ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც ეს დაავადება გავრცელებულია, მათ უნდა იცოდნენ, რომ პირბადით უნდა იარონ. ამ ვირუსს ახასიათებს ასეთი თვისება, რომ ის მაშინაც გადამდებია, სანამ სიმპტომები გამოვლინდება. ამიტომ ვინც რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოდის, ყველამ უნდა ატაროს პირბადე, რომ გარშემომყოფები არ დაავადოს. პირბადეები ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნდა ატარონ. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში სახლში დარჩნენ და აუცილებელი საქმე თუ არ აქვთ, სახლიდან ნუ გავლენ. მოერიდონ სტუმრად სიარულს, ქეიფების და კონცერტების გადადებაც არ იქნება ცუდი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ იტალიელების გამოცდილება. მას შემდეგ რაც იტალიაში კორონავირუსი გავრცელდა, ადამიანები ფეხით სიარულს ამჯობინებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგანაც შევიკავოთ თავი. მალე გადაივლის საფრთხეები და მერე შეგვიძლია.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიჯვრებზე და ხატებზე ამბორი აიკრძალა
შემდეგი სტატიაკინზინგერი ელჩზე: საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას მას ჩემი სრული ნდობა აქვს