დავით მუჯირი – მე არა გულშემატკივრები, არამედ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ვიგულისხმე

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „მოუხადოს დავით მუჯირმა საჯარო ბოდიში ქართველ გულშემატკივარს“. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ისეთი მხარდაჭერა არ იგრძნობა, როგორიც ნაკრებს ერთა ლიგის ბოლო ორი შეხვედრის წინ სჭირდება.

ამასთან დაკავშირებით დავით მუჯირმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა წერილი, სადაც ვკითხულობთ.

„მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება. პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან. არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრისთვის“, – წერს მუჯირი.

ამავე დროს, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი განმარტავს: „ის მოვლენები, რომელიც საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ჰყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს. აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან. ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩში, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“.

banner
წინა სტატიაშინეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს