დავით მათიკაშვილი : უცნაური შეფასებები მოვისმინეთ მარგველაშვილისგან, თითქოს, მთავრობა როცა დატოვა, მთელმა დადებითმა პრეზიდენტის ინსტიტუტში გადაინაცვლა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა არ იყო გულწრფელი და კონსტრუქციული.

„უცნაური შეფასებები მოვისმინეთ, რომ თითქოს მხოლოდ მაშინ ხდებოდა დადებითი და კარგი, როცა გიორგი მარგველაშვილი მთავრობის წევრი იყო, ხოლო როცა მთავრობა დატოვა, მთელმა დადებითმა პრეზიდენტის ინსტიტუტში გადაინაცვლა. აქეთ ხელისუფლება არაფერს აღარ აკეთებს. ეს ასე არ არის. მცდელობაა, საზოგადოებას თავგზა აუბნიოს, სამწუხაროდ. პრეზიდენტისგან მეტს მოველით.

ის უნდა იყოს დამოუკიდებელი არბიტრი საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში და არა ასეთი სუბიექტური, მიზანსწრაფული მიმართულებით აკრიტიკოს ხელისუფლება. კრიტიკას არ ვერიდებით, კრიტიკა მისაღებია მაშინ, როცა ობიექტური და საფუძვლიანია, როცა ამ სახით ხდება წარმოდგენა დამახინჯებული ფაქტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ცხადია, ამ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი მთელი მსოფლოს მიერ იყო დადებითად შეფასებული, პრეზიდენტმა კი გააკრიტიკა.

„კარგად გახსოვთ, რომ პირველი პრეზიდენტი იყო მოწვეული საკონსტიტუციო პროცესში, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო და რაღაც პარალელური პროცესები დაიწყო და მისგან უარყოფით შეფასება მოჰყვა, რასაც რეფორმა არ იმსახურებს. კარგი იქნებოდა, პრეზდენტი თავიდანვე ჩართულიყო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, თავისი მოსაზრებები იქ გამოეთქვა. პრეზიდენტმა ბევრჯერ სცადა, ამ პროცესებზე გავლენა ჰქონოდა გვერდიდან, მაშინ როცა ამ პროცესში მონაწილეობის მიღების და ამ ნაბიჯების გამოთქმის საშუალება ექნებოდა, რასაც დღეს გვთავაზობს“, – განუცხადა პირველ არხს მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩემს მიერ გამოცხადებულ დისკუსიას „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა უვადოდ გადაიდო