27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

დავით მათიკაშვილი: უცხოეთში მავანს ქართული ეკლესია და ჩვენი სულიერება ყელში ეჩხირება, უფლებების დაცვის კუთხით ნაკლი არ გაგვაჩნია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, გარე ძალების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური როლი მოერღვიათ.

მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში, პირდაპირი ზეწოლა და „ამორალური თხოვნები“ ფიქსირდებოდა, რაც საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ქართული ეკლესია, ჩვენი საპატრიარქო და ზოგადად, ჩვენი სულიერება ძალიან ეჩხირება ყელში მავანს უცხოეთში — იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმა არის საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმს მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს ჩვენს რეალობაში“, — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ყველას უფლება დაცულია და ქვეყანა დასავლურ კრიტიკას არ იზიარებს.

„აქეთ მობრძანდნენ, ჩამოვიდნენ და კარგად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა, რაოდენ მაღლა დგას იმ ქვეყნების კანონმდებლობაზე, საიდანაც პრეტენზიები მოდის“, — აღნიშნა დეპუტატმა.

ცნობისთვის: მანამდე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპული სტრუქტურების „არაჯანსაღი დამოკიდებულება ეკლესიისადმი“ არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ნატო-ს სამიტზე არცერთი არაწევრი ქვეყანა არ დაუპატიჟებიათ, გავრცელებული ინფორმაცია პროპაგანდაა
შემდეგი სტატიადრონების თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის მასშტაბური კრიზისია