დავით მათიკაშვილი : სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა

ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. მხოლოდ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ უნდათ, ეს ყველაფერი დაინახონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ფიასკოს განიცდის.

„რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : თავისუფალ მედიაზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია
შემდეგი სტატიაბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები ფასდაკლებით ვეღარ სარგებლობენ