საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბერს რამდენიმე საარჩევნო ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას იმის გამო არ იღებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ აქვს.
უმრავლესობის დეპუტატმა უარყო ოპოზიციის ბრალდებები იმის შესახებ, რომ არჩევნებისთვის უთანაბრო გარემო იქმნება და პროცესს სახელისუფლო გუნდი აკონტროლებს. მათიკაშვილის თქმით, ეს განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაბალი რეიტინგის გადაფარვას ემსახურება.
„ეს არის ძალიან მარტივი ტყუილი და თითიდან გამოწოვილი ამბავი. 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ როდესაც ხალხის ნება არსებობს, მას წინ ვერაფერი დაუდგება.
ახლა ‘ნაციონალურ მოძრაობას’ ნულს ქვემოთ სარეიტინგო პოზიცია აქვს, რაც თავადაც ძალიან კარგად იციან. თავის გასამართლებლად ათას ტყუილს მოიგონებენ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მათი ნდობა — ისევე როგორც მთლიანად აგენტურული ოპოზიციის — საქართველოს მოსახლეობის თვალში ნულთან არის გათანაბრებული“, — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.















