დავით მათიკაშვილი – იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესრულებაში

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესრულებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ვინმეს სურვილი თუ ექნება, აქტიური როლი შეასრულოს ამ მიმართულებით, მმართველი გუნდი ამის წინააღმდეგი არ არის.

„ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვიანებით, მაგრამ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ოპოზიციამ რაიმე სახით შეიცვალოს ნირი და აქტიური სახით ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ჰქვია. აქამდე ის ასე არ მოქცეულა და ამიტომ შესაძლებელია, არც მომავალში მოიქცეს. თუმცა ის, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, არის ჩვენი ხელისუფლების, მმართველი გუნდის, აღმასრულებელი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგას, რომ ჩვენი ქვეყნის დროულად ინტეგრაცია მოხდეს ჩვენს ევროპულ ოჯახში.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდვია რეკომენდაციების შესრულებაში. დღეს თუკი ვინმეს სურვილი ექნება, რომ აქტიური როლი შეასრულოს ამ მიმართულებით, მმართველი გუნდი ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ არის. თვითონ ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულიც კი არის ოპოზიციის მონაწილეობა და ჩართულობა. საზოგადოებისთვის ყველანაირად უკვე არის გასაგები და ნათელი, როგორ იქცევა ოპოზიცია, როდესაც მისი პირადი ვიწროპარტიული ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთთან კონკურენციაში მოდის. ის საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს ეყრდნობა, რამაც არ მისცა ოპოზიციას იმის საშუალება, რომ ჩართულიყო 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. რადგან მათ არ სურდათ, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის  ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავენ
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი -„ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის არაფერი დაუთმია