დავით მათიკაშვილი: ბევრი არაკეთილმოსურნე დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„სახელისუფლებო გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არ ტოვებს ევროკავშირში არცერთ ფორუმს, საპარლამენტო დიპლომატია და აღმასრულებელი ხელისუფლების დიპლომატიური ფლანგი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გადაცემული 500-გვერდიანი დოკუმენტი კიდევ უფრო დაწვრილებით იყოს ახსნილი და განმარტებული ჩვენი კოლეგებისთვის ევროპაში, ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც არაკეთილმოსურნეა ჩვენი ქვეყნისა და ევროპაში ინტეგრაციის, დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ბრძოლა დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით“,- -განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს მოქმედი ხელისუფლება არ მოიქცა წინამორბედივით და ყველა, ვინც მის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებოდა, არ გაუშვა ციხეში. აღსრულდა მართლმსაჯულება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები. მისივე თქმით, ამის შემდეგ დაიწყო ორკესტრირებული შეტევა ნაცმოძრაობამ და მასზე დამოკიდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რამაც შესაბამისი აღქმა გააჩინა პარტნიორ ქვეყნებში და ევროკავშირის ტრიბუნიდანაც არ დაყოვნდა შესაბამისი განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიის გზას.

„მაგრამ სწორედ იმ ხელისუფლების დროს, რომლის მიმართაც პრეტენზიები გააჩნდათ მაშინ, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ანუ ყველა იმ დოკუმენტს, რომლის გამოც ჩვენ დღეს ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, უმთავრესი კი არის კონსტიტუცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიწერა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური გზა არის შეუქცევადი და სახელმწიფო ორგანოებს სწორედ ამ გზით ევალება, იაროს.

„ამ კონსტიტუციას მაშინ მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეიცვალა კონსტიტუცია, მაგრამ არ გახსენებიათ ეს“,- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, 2015-2017 წლებში მიმდინარეობდა დავა რუსთავი-2 -თან დაკავშირებით, როცა ასევე დაიწყო ორკესტრირებული შეტევა სახელისუფლებო გუნდზე.

„ესეც დასრულდა ასე: 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც განაცხადა, რომ ქართული ავტოქტონური სასამართლო და ის მოსამართლეები, რომლებიც იღებდნენ შეურაცხყოფებს, იყვნენ აბსოლუტურად მართალნი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, დღეს განსაკუთრებით იკვეთება ერთად ყოფნის საჭიროება, რადგან დგას უმნიშვნელოვანესი ეტაპი ერისთვის -ეროვნული გადაწყვეტილების მიღების საკითხი ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე.

ხატია დეკანოიძე: კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ დაცვას

„მოსამართლეთა კლანი ნერვიულობს საქართველოში და ეს დაადასტურა ბატონმა კობახიძემ და მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, რომ დაიცვა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი, უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე“, – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ რომ დაიცვან.

„ფაქტია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამიდან, რომელიც პროფესიონალიზმს და ადამიანის უფლებებს უსვამს ხაზს, ამოაგდებ მოსამართლეს, რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ნერვიულობის საფუძველი არის. ამიტომ, მე მენიშნა ბატონი კობახიძის განცხადება და მე ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ დაიცვას ეს მოსამართლეები, ვინაიდან მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გურამ მაჭარაშვილი: მოსამართლე ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული – მაშინაც, როდესაც ეს მოსწონს ოპოზიციას და მაშინაც, როცა მოსწონს ხელისუფლებას

„შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგი გქონდეს, მაგრამ არ შეიძლება ტყუილებზე ააგო ეს, რადგან მინიმუმ, ამას საზოგადოება კარგად ხედავს – ირაკლი კობახიძის განცხადება მტკივნეულ ადგილას მოგხვდათ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის რიტორიკის, რომ თითქოს სასამართლო სისტემა მხოლოდ ერთ ინტერესზეა მორგებული, აღარავის სჯერა.

„ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თამაზ ურთმელიძე, რომელიც იყო მოსამართლე, პენიტენციურ სამსახურში გადაიყვანეს. ეს ტყუილია და ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლე უნდა იყოს დაცული. დიახ, მოსამართლე ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული – მაშინაც, როდესაც ეს მოსწონს ოპოზიციას და მაშინაც, როცა მოსწონს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, თქვენი ეს ნარატივი, რაც გამოიცნო „ქართულმა ოცნებამ“, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულეთ იმაში, რომ მიუღებელი პრინციპი გამოიყენა – თქვენი ორმაგი სტანდარტები უკვე კარგად ჩანს. სასამართლოს გადაწყვეტილება თუ თქვენი კოლეგების სასარგებლოდაა, მაშინ კარგია, მაგრამ თუ არის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენი, მაშინ სასამართლო სისტემა არ ვარგა. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები და ამის აღარავის სჯერა. პარლამენტში ხართ, გაქვთ სურვილი და ამბიცია, იყოთ ოპოზიციაში, მაგრამ ხალხს კარგად ესმის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მოიწონა სწორი პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას. რაც თქვენ არ მოგწონთ, ის მოსწონს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, თქვენს ბევრ ამომრჩეველსაც კი. ამიტომ, იმ რიტორიკის, რომ თითქოს სასამართლო სისტემა მორგებულია მხოლოდ ერთ ინტერესებზე – აღარავის სჯერა. სწორია ის რიტორიკა, რომ სახელმწიფოში მოსამართლე უნდა გრძნობდეს თავს დამოუკიდებლად, ეს უნდა იყოს ყველას ინტერესში და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში აშშ-დან მეტი მძიმე იარაღი იგზავნება – კულება