დავით კირკიტაძის დაპატიმრება აგრძელებს პოლიტიკური ანგარიშსწორების იმ ტალღას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ მოიტანა

„დავით კირკიტაძის დაპატიმრება აგრძელებს პოლიტიკური ანგარიშსწორების და უსამართლო სამართლის იმ ტალღას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ მოიტანა,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც კორცხელის ინციდენტის დროს პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დასჯილან. ბაქრაძის თქმით, ასევე არ დასჯილან ულტრამემარჯვენეები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ასევე, მიაყენეს პოლიციას შეურაცხყოფა.

„პოლიციაზე ძალადობა სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია, მაგრამ დავიჯერებდით ხელისუფლების გულწრფელობას, რომ არ გვახსოვდეს სხვა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების გამო, პოლიციაზე ძალადობაში მონაწილეები არ დასჯილან. მაგალითად, კორცხელის ანგარიშსწორება, როდესაც ორი პოლიციელის ჰოსპიტალიცაზია მოხდა და არც ერთი მოძალადე, რომელიც მონაწილეობდა პარლამენტის წევრებისა და პოლიციელების წინააღემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, არ ყოფილა დაპატიმრებული. ყველა გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ და საბოლოოდ, გადაიხადეს მხოლოდ ფულადი ჯარიმა.

ასევე, გვახსოვს რუსთაველზე ულტრამემარჯვენეების და ფაშისტების მსვლელობაც, როდესაც მრავლად ვიხილეთ ინციდენტები პოლიციასთან და არც ერთი მონაწილე არ დაუსჯია ხელისუფლებას. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციაზე ძალადობა არ შეიძლება, იქნებოდა სიმართლე, ხელისუფლება რომ თანაბრად აღასრულებდეს კანონს საკუთარი მომხრეების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ ვხედავთ კლასიკურ შერჩევით სამართალს, როდესაც არ ისჯებიან „ქართული ოცნების ‘’ მომხრეები, არ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების’’ დაკვეთით და ხელმძღვანელობით მონაწილეობენ ძალადობრივ აქტებში და ნებისმიერი საბაბი გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად და დასაპატიმრებლად. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის უსამართლო სამართალი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ მშვიდობიანად მოვახდინოთ ამ სისტემის დასრულება,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ

შეგახსენებთ, გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ეს აღარ გამოვა – ჩვენ თითო–ოროლა არა – თითქმის მილიონი ვართ!
შემდეგი სტატია,,თუკი პოლიციელის მიმართ ძალადობა დაშვებული იქნება, პოლიცია აღარ დაიცავს წესრიგს და აღარ გადაარჩენს ადამიანებს”