დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში დახმარება შესთავაზა.

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კირკიტაძემ განაცხადა, 100-მდე მოხალისე უზრუნველყოფს რუსთაველების აცრის პუნქტამდე მიყვანას და შემდეგ მათ სახლში დაბრუნებას.

„დღეს კიდევ ძალიან მძიმე სტატისტიკაა ვირუსთან დაკავშირებით. 6000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 47 ადამიანია გარდაცვლილი. ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან არის აცრები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთელ ქალაქებში, მათ შორის რუსთავშიც, მუნიციპალური ტრანსპორტი არის აკრძალული. გუშინ უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელსაც სურდა დახმარება, რომ მისულიყო ასაცრელად. ჩვენ მზად ვართ, მოქალაქეებს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო პრობლემა შეექმნათ, ასაცრელ პუნქტამდე მისასვლელად, აღმოვუჩინოთ დახმარება. გავაკეთეთ მობილიზება ჩვენი მოხალისეების. მინდა, ვუთხრა ყველა რუსთაველს, ვისაც სურს, მივიდეს აცრის პუნქტებამდე, რომ მათ ვუზრუნველყოფთ უფასოდ მიყვანით და სახლში დაბრუნებით. მთავარია, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენს ცხელ ხაზზე (5 99 85 25 46). ასევე შეუძლიათ, მოგვწერონ ფეისბუქით მედგიდის პლატფორმაზე, შეუძლიათ, ჩვენი ფეისბუქის გვერდზე დაგვიკავშირდნენ და ასევე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ მათ მიყვანას ასაცრელ პუნქტებამდე. მინდა იცოდეს რუსთავის ყველა საავადმყოფომ და პუნქტმა, რომელიც აწარმოებს აცრას და ებრძვის კოვიდს, ჩვენ მზად ვართ, 100-მდე მოხალისით შევასრულოთ ყველა დავალება და მათი მოთხოვნა, რაც არ მოითხოვს სპეციალურ გადამზადებას. მზად ვართ, უანგაროდ დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, მედ პერსონალს, ექიმს, სანიტრებს, ასევე გადაადგილებაში, რომლებიც ჩართულნი არიან ამ მძიმე სენთან ბრძოლაში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო
შემდეგი სტატიახვიჩია – ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ისტორიულად „ნაცმოძრაობას“ უკავშირდება, გეგმავს საერთო კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ, ეს ტაქტიკა არასწორია, შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან, მისი წაგება უნდათ