,,დავით გარეჯის საკითხზე არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა პოზიტიური იქნება”

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ისტორიის, ჩვენი კულტურისა და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით, ამიტომ, თითოეული გაუაზრებელი განცხადება და მჯიღის ცემა, რაც დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ, მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„ეს ყველას, პირველ რიგში კი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ეხება, რომელიც რასაც მიეკარა, ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. გამოსავალი ერთია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული და ძმური ურთიერთობების გათვალისწინებით საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება დავიწყოთ და ის პრობლემა მოლაპარაკების გზით გადავჭრათ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმად არის ჩადებული საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობებს შორის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე რესურსი გააჩნია, რომ ამ პროცესში დადებითი როლი შეასრულოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ადამიანის ჩართულობა პოზიტიური იქნება. არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, არამედ დღეს მოქმედი დეპუტატებისა და კულტურის მოღვაწეების მხრიდანაც. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აზერბაიჯანის მხარესთან ჩვენი ტრადიციული ძალიან კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობები გამოვიყენოთ. ეს პრობლემა ამ ურთიერთობების გამოყენებით მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ. ამიტომ, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ სურვილისა და მზადყოფნის შემთხვევაში, ნებისმიერი რესურსი გამოყენებული იყოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასრულწოვნის წამების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
შემდეგი სტატია,,დილიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს”