დავით გარეჯის დასაცავად საქართველოს ასობით მოქალაქე გაერთიანდა

დავით გარეჯის დასაცავად საქართველოს ასობით მოქალაქე გაერთიანდა – სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობას მართავენ.

გარეჯი საქართველოა – ამ დევიზით მასშტაბური მსვლელობა სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილისკენ დაიძვრება, რომელსაც აზერბაიჯანის მხარე მის საზღვრებში მოიაზრებს.

სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

მსვლელობაში მონაწილე პირთა ნაწილი უკვე მივიდა აღდგომის ტაძართან. მათ ამ ტერიტორიაზე სიმბოლურად საქართველოს დროშა აღმართეს.მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტს მხარს დაუჭერენ.

„დავით გარეჯი საქართველოა- ეს არის მთავარი სათქმელი, რაც გვაქვს. ძალა კიდევ ერთობაშია. ქართველები შევიკრიბეთ ვაჩვენებთ,რომ მხარს ვაძლევთ ერთმანეთს. ასე გავიმარჯვებთ,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცოტა ხანში მსვლელობის ყველა მონაწილე აღდგომის ტაძართან შეიკრიბება. შემდეგ კი ისინი ჩიჩხიტურის კოშკამდე ცოცხალი ჯაჭვის გავლებას აპირებენ.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაგეგმეს.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება
შემდეგი სტატიაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს