დავით დონდუა : საქართველოს წარმატებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენს მთავარ მიზანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მან გოტემოლერს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, რაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი. ნატო-ში გაწევრიანების მიზანი, ასევე ასახულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის რედაქციაში“, – აღნიშნა საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

„როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წინა კვირას ვაშინგტონში ვიზიტისას აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანია და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ალიანსს და მოკავშირეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ მოკავშირეების მტკიცე პოზიციას რუსეთის მიმართ, რათა გაიწვიოს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ჯარები გაიყვანოს. ივლისში ნატო-ს სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო შავი ზღვის ინიციატივის განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა დავით დონდუამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს მიესალმება.

როგორც დონდუამ განმარტა, როუზ გოტემოლერთან შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა.

„შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს, რასაც აქტიურად იყენებს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული წარმატება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში შევთანხმდით ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე კონტრმობილურობის, უსაფრთხო კომუნიკაციის და კიბერთავდაცვის მიმართულებებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

„შეხვედრაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ალიანსთან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. შევთანხმდით, რომ საქართველოს მიერ წარმატებულად განხორციელებული რეფორმები ჩვენს მთავარ მიზანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. როგორც გოტემოლერმა განაცხადა, საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების კუთხით და ეს გზა მიიყვანს ნატო-ს წევრობამდე.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი : არასდროს ყოფილა საუბარი ნარკოტიკების წახალისებაზე, პირიქით, შსს-მ მოაწესრიგა დაურეგულირებელი სფერო
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი : პარლამენტის თბილისში დაბრუნება საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს