დავით დევნოზაშვილი: ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ, თუ შემიფარდებთ გირაოს ვითანამშრომლებ გამოძიებასთან

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობა გააგრძელოს. როგორც დევნოზაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა ის მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თუ მას სასამართლო გირაოს შეუფარდებს, გამოძიებასთან ითანამშრომლებს:

“მყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. ასევე მყავს მოხუცი მშობლები და ფაქტობრივად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ. თუ გაითვალისწინებთ ჩემს პოზიციას და შემიფარდებთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. მითუმეტეს, რამდენჯერაც დამიძახეს მთავარ პროკურატურაში, მე არაერთხელ მივსულვარ კეთილსინდისიერად და დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი გამიცია”, – განაცხადა დევნოზაშვილმა.

ბრალდებულის თქმით, ის ამ საქმის მოწმეების უმეტესობას საერთოდ არ იცნობს, ისევე როგორც არასოდეს ჰქონია შეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძესთან. რაც შეეხება მის წინააღმდეგ არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჟურნალისტის შანტაჟს ეხება, როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, ის ამ საქმეში უდანაშაულოა.

“2009 წლის აჭარის საქმეს რაც შეეხება, ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. მინდა განვმარტო, რომ იმ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ. სასამართლო პროცესები გადადებულია და უკვე მე-7 თვეა არ ჩატარებულა. მორჩილად ველოდები სასამართლო პროცესის გამართვას. ყოველი გამოძახების შემდეგ არაერთხელ ჩავსულვარ აჭარის პროკურატურაში და მიმიცია განმარტებები გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოთი უნდა ვყოფილიყავი გარეთ და არ შემეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მე დღესაც ვასრულებ მიცემულ პირობას”, – განაცხადა დავით დევნოზაშვილმა.

მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი ამ საქმეზე მასმედიისა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან მასთან სახლში რამდენჯერმე უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ .

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ მომავალ კვირაში უყრიან კენჭს
შემდეგი სტატია“საქართველო ევროპაა და თანდათან ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სულ უფრო საგრძნობი გახდება”