დავით დარჩიაშვილი: ბრალდებები, თითქოს გარეჯი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა, ლიტონი, უტიფარი იყო და არის

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

ბრალდებები, თითქოს გარეჯი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა, ლიტონი, უტიფარი იყო და არის, – ამის შესახებ ყიფილმა პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის პროკურატურაში წლების წინ, პარლამენტში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაიბარეს, რაც კინსტიტუციის დარღვევაა.

„მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზეზით მოვხვდი აქ, არის ის, რომ აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა, ეს არაერთხელ მითქვამს. „კარტოგრაფების საქმე“ მაგონებს იმდროინდელი საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს, როცა ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, ამას უშუალოდ ვეტყვი პროკურორებს. რაც შეეხება იმას, თუ რა გახდა პროკურატურაში ჩემი დაბარების საბაბი, იხსენებენ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას. მინდა, შევახსენო, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018 წელს მიიღეს, არის მუხლი, რომელიც დეპუტატს ათავისუფლებს იმისგან, თუ რა თქვა მან დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია დეპუტატს, არავითარი უფლება არ აქვს პროკურატურას, რომ ამ თემებზე მელაპარაკოს. მოკლედ რომ გითხრათ, მაშინდელი ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია, ისეთივე ბრალდებებით გამოდიოდა, როგორც დღეს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ „თქვენ გაყიდეთ გარეჯი“. ისეთივე ლიტონი და უტიფარი ბრალდებები იყო, როგორც დღეს. მაშინ მას ვუთხარი, რომ ის, რა ვითარებაც არის საზღვარზე, სერგო ორჯონიკიძის და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პასუხისმგებლობაა და თუ უნდა, მათ მოსთხოვონ პასუხი. ვინც ახლა, დელეგაციის, კომისიის წევრების და მესაზღვრეების სახით ცდილობს ჩვენი ისტორიული დაცვა გააკონტროლოს და ამ ყველაფერს იმათ აბრალებს, რაც წინაპრების დანაშაულია, ეს სრულიად არაადეკვატურია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილი გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებასაც, რომლის მიხედევითაც, „ილჰამ ალიევთან შეთანხმდა, რომ სიმაღლეეებს დაუთმობდა და სანაცვლოდ გარეჯის სამონასტრო კომოლექსი სრულად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა“.

„მთავარია, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და რაც არ მომხდარა, იმაზე სისხლის სამართლის საქმე როგორ უნდა აღძრა. გამოთქმული იყო ათასგვარი ვერსია. ვიმეორებ, აზერბაიჯანის მთავარი არგუმენტი იყო სტრატეგიული, სამხედრო, სიმაღლეები და ა.შ. ჩვენი არგუმენტი იყო და არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ამაზე არავითარი შეთანხმება არ შემდგარა. სახელმწიფოებს შორის შეთანხმებები დგება იმდაგვარად, როდესაც იქნება დოკუმენტი, ხელი ეწერაბა და პარლამენტშიც გადის რატიფიცირებას. იცით რაშია მთავარი პრობლემა? რუკებზე დავა უნდა დავუტოვოთ კარტოგრაფებს, ძეგლზე დავა ისტორიკოსებს და პროკურატურა აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სოციალისტურ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იყო გარკვეული ადმინისტრაციული საზღვრები, რომლის სამართალმემკვიდრეებიც არიან საქართველო და აზერბაიჯანი.

„ისინი ამბობენ ქედზე გადიოდა, მთელი რიგი რუკები ამბობს, ქედზე გადიოდა. ვიღაცა, რუსეთიდან ჩამოტანილი ინფორმაციით, ამბობს, რომ არ გადიოდა ქედზე – ეს უნდა დაუტოვონ კარტოგრაფებს. ამ საქმეში უნივერსიტეტში დიპლომს ვინც იღებს, იმათ უნდა გაარჩიონ და არა პროკურატურამ“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „რის საფუძველზე ამბობდით, რომ საზღვარი ქედზე გადიოდა“, დარჩიაშვილი პასუხობს: „ადმინისტრაციული საზღვრები ცნობილი იყო ასეთად, ამაზე საუბრობდა ყველა, ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ 1980-იან წლებში და როდესაც ჩავდიოდით იქ, სხვათა შორის, სოზარ სუბართან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად სტუდენტები, მაშინ გვეუბნებოდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომ აი, აქ არის საზღვარი. დანარჩენი, ამაზე დავა უნდა დავუტოვოთ კომისიას, სპეციალისტებს და არა პროკურატურას“, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ის მემორანდუმი, რომელზეც მოაწერეს ხელი არის ფაქტობრივად გაუარესებული ვარიანტი იმისა, რაც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ მე-3 თუ მე-4 რაუნდზე – თარხნიშვილი ოცნება-მოქალაქეების მემორანდუმზე
შემდეგი სტატიაგუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას