დავით ჭიჭინაძე: თუ ასეთ „სირაქლემას პოზაში“ განვაგრძობთ ყოფნას და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, პანიკა იქნება გარდაუვალი

„დღეს არა მარტო ჯანდაცვის, ეკონომიკის მხრივ ვდგავართ საკმაოდ დიდი საფრთხეების წინაშე და თუ ასეთ „სირაქლემას პოზაში“ განვაგრძობთ ყოფნას და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, პანიკა იქნება გარდაუვალი.“
ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ ფორსმაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებით ის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს, სადაც ყველა შესაძლო ცუდი შედეგი იქნება ასახული.
დავით ჭიჭინაძის განმარტებით პირველ რიგში სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი იმ ოთხ ძირითად სფეროში, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული და სადა პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფოს როლი გაძლიერებული.
1. ფინანსური სფერო – უნდა გატარდეს ისეთი გარკვეული ღონისძიებები, რაც მოსახლეობას დაიცავს გაკოტრებისგან, გაღარიბებისგან, თანხების დაკარგვისგან და შესაძლებლობას მისცემს სესხების და აღებული ვალდებულებების დაფარვას;

2. ჯანდაცვის სფერო – აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს კომერციული ნაწილი, სააფთიაქო ქსელებს გამდიდრების საშუალება რომ არ მიეცეთ, სხვისი უბედურების ხარჯზე;

3. საწვავი – ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საწვავის მარაგი, ის რაც დაგვჭირდება გაზაფხულზე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. კრიზისის განვითარების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დეფიციტი რომ არ შეიქმნას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ ირანია;

4. ხორბალი – საქართველოში ხორბლის 80-85 % იმპორტი ხორციელდება და სახელმწიფოს აქაც ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

ეს ყველაფერი დღეს კერძო სტრუქტურების ხელშია და რადგან კერძო სტრუქტურებს ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, აი ამიტომ, სწორედ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ქმედითუნარიანობა, რომ ქვეყანაში არ იყოს პანიკა თუნდაც საწვავის, ან სურსათის მიმართებაში. რადგან მარტო ტურისტების რეგულირება და უბრალო სტატისტების როლში ყოფნა, ინფორმირება, ვინ რომელ კარანტინშია გადაყვანილი, ხალხს ვერ გადაარჩენს.

banner
წინა სტატიაშიYandex Taxi-ს წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ კომპანია მომხმარებლების მგზავრობის შესახებ რუსულ სამართალდამცველ ორგანოებს აწვდიდა ინფორმაციას
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ადამ კინზინგერის განცხადება ეხება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას