დავით ჭიჭინაძე: „სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე მე უმრავლესობა“

„სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე მე უმრავლესობა“, – ამ შინაარსის წერილი „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ჭიჭინაძე წერს, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა და მისი წარდგენით „ოცნება“ ფაქტობრივად, ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

„სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენის გამო დავტოვე მე უმრავლესობა. არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა. რადგან, ეს არ იყო რიგითი დეპარტამენტის უფროსის დანიშვნა, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალზე იყო საუბარი, მას კი, ადამიანების მხარდაჭერა არ ჰქონდა. “ქართული ოცნება” კი ძალადობდა. ანუ, ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და ზურაბიშვილს ლანძღავენ, მაშინ ქართულ საზოგადოებას არა მარტო დაუპირისპირდნენ და დალანძღეს, პირდაპირ ბრძოლაში ჩაერთნენ ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ არაფრით არ შეიძლება ასეთი მორალის ადამიანები წარმოადგენდნენ დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტას. თუმცა, ძველები, აი “ოცნებას” რომ განუდგნენ მაგრამ არ დაპირისპირებიან ისინი, ისევ ზურაბიშვილის გვერდზე არიან და ეს ჩანს. გამოდის, ერთი ხელია ისევ ამ ყველაფრის დირიჟორი. აი ის ხელი, ყველა ძაფებით რომ ჰყავს მიბმული. ახლაც მორიგი ახალი ლიდერის ჩამოყალიბების მცდელობაა. ანუ, მართალია ზურაბიშვილი არ არის სახალხო პოლიტიკოსი, სამაგიეროდ “ულაგებს” ივანიშვილს, მაგალითად საფრანგეთში. ანუ გადასარევად ასრულებს იმას, რისთვისაც დაინიშნა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ერთიანი გუნდი არასდროს სჭირდებოდა და პარტიაში ლიდერსაც პრობლემად აღიქვამდა.

„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე განაწყენებული იყოს. პირიქით, ის ამბავი, ზურაბიშვილს და კობახიძეს ერთმანეთი რომ არ მოსწონთ, ამას ახალისებს კიდეც. ის მსგავსს ყოველთვის ახალისებდა “ოცნებაში”, ერთიანი გუნდი არასოდეს სჭირდებოდა და იმიტომ. და ლიდერიც პრობლემად მიაჩნდა ყოველთვის. პრინციპში როგორც მოექცა გახარიას კი ჩანს. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილიც ვერასოდეს გახდება სახალხო პოლიტიკოსი და ახლაც ერთი ხელით მართულ მორიგ სპექტაკლს ვუყურებთ. ხალხის რეალური პრობლემები კი ისევ არავის აინტერესებს. აბა, რა 78-ე მუხლი, რის 52-ე, ვის აინტერესებს საერთოდ?! კონსტიტუციის დარღვევაზე რომ გვესაუბრებიან ეს ვითომ “დემოკრატიის მამები”, მე მინდა მეათასეჯერ ვკითხო, მაშინ, როდესაც: ეროვნულ ბანკზე ზემოქმედებენ; როდესაც ეროვნული ბანკი ინფლაციას არ იცავს, არადა კონსტიტუციით ის რომ არის ინფლაციაზე პასუხისმგებელი; სასამართლოზე რომ ზემოქმედებენ. ეს არ არის კონსტიტუციის შელახვა?!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა მე და პაპუაშვილს გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო, წარმოიდგინეთ, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეს იქნებოდა ბავშვი ასათით ხელში – კობახიძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდისთვის უკვე მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი – კობახიძე