დავით ჭიჭინაძე – მშვენივრად ვგრძნობ თავს იმ ფრაქციაში, სადაც ვარ, სადაც ვიჯექი, იქ ვიჯდები

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის მიუხედავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომებზე მაინც ივლის. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიიდან მისი გარიცხვა მიმდინარე წლის აპრილშიც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ფორმა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ სამდივნომ მიმართა, არადემოკრატიულია და არც ერთ ნორმაში ჯდება.

„სამდივნოს გადაწყვეტილება პარლამენტარების შეურაცხყოფაა, რადგან მათ კოლეგის მიმართ ემოციურ დონეზე გაუგებარი გადაწყვეტილება გამოიტანეს. როგორ შეიძლება, გადაწყვეტილება ხუთ წუთში მიიღო. ასე სწრაფად სად შეიკრიბნენ, ეტყობა, ტელეფონით შეთანხმდნენ და მედიის საშუალებით გამაგებინეს მეც და პარტიის წევრებსაც. ვინაიდან, ამ საკითხს არასერიოზულად მოექცნენ, ასეთივე პასუხი დავუბრუნე. მედიის საშუალებით ვამბობ, რომ მათი გადაწყვეტილება არადემოკრატიულია, განსაკუთრებით, როცა დემოკრატიის ახალი დამცველი გამოგვიჩნდა, ზაქარია ქუცნაშვილის სახით. მთელი „ქართული ოცნების“ დემოკრატიის, ეთიკისა და მორალის სახეს ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენს. განცხადება, რომელიც ჩემს გარიცხვას ეხებოდა იუმორია და მათ იუმორით ვპასუხობ – მაგათ მიმიღეს? მოიტანონ ბლანკი, სადაც ჩემს მიღებას ხელს აწერენ. ვინ მიმიღო, არ ვიცი. ვინ დააკმაყოფილა, არ ვიცი, ალბათ, გიორგი კვირიკაშვილმა. აპრილში ჰქონდათ, უმრავლესობის სხდომის ჩატარების მცდელობა. ჩემი გარიცხვა აპრილში უნდოდათ, როცა მათ პირველად დავუპირისპირდი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ უკმაყოფილოა, როგორც ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების, რადგან მან განაცხადა, რომ ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი.

„ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნები – NDI შეხვედრებს მართავს და მარგველაშვილს თარიღის დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაNDI – საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა ბუნდოვანია