დავით ჭიჭინაძე: „ეს კობახიძის მხრიდან დეპუტატების უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება და კონსტიტუციისადმი არასერიოზული მოპყრობაა!“

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს და ირაკლი კობახიძეს არაპროფესიონალს უწოდებს.
„საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამა წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის რუსთაველის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ზარ-ზეიმით ჩატარდა ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმრებსა და პარლამენტის წევრებს გადაეცათ საქართველოს ახალი კონსტიტუციის ბედჭდვითი ვერსია, ანუ ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტის ახალი რედაქცია. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, პარლამენტის წევრებისადმი გადაცემულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში რამდენიმე ადგილას გამოტოვებულია კონსტიტუციის არაერთი მუხლი. მაგალითად, მე-16 მუხლს პირდაპირ მოსდევს მე-20 მუხლი და საერთოდ არაა ნახსენები მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, მათ ნაცვლად კი მხოლოდ ცარიელი ფურცლებია. ასეთი ,,გამოტოვებები” გვხვდება არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას. აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს თავი არ შეუწუხებია, რომ ელემენტარულად გადაეფურცლა წარმოდგენილი დოკუმენტი, ვიდრე ის სტუმრებსა და პარლამენტის წევრებს დაურიგდებოდათ. ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არა მხოლოდ არაპროფესიონალიზმის, დაუდევრობის, დეპუტატების უპატივცემულობის კიდევ ერთი მორიგი გამოვლინება, არამედ ზოგადად კონსტიტუციისადმი, როგორც ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტისადმი ზერელე და არასერიოზული მოპყრობის გამოხატულებაც. მსგავსი, წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ ხაზს უსვამს პარლმენტის თავმჯდომარის სრულ უუნარობასა და არაკომპეტენტურობას. თუმცა, ეს ჩვენი საზოგადოებისათვის ისედაც დიდი ხანია ნათელია, მაგრამ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საგანგაშო ის გახლავთ, რომ მსგავსი არასერიოზული და უპასუხისმგებლო ქმედებით ზიანი ადგება ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას…”- ნათქვამია დავით ჭიჭინაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი უნდა გახდეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ანტიბიოტიკების ნაცვლად თაფლის გამოყენებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას