დავით ბერძენიშვილი: არჩევნების მერე „ქართული ოცნება“ აორთქლდება!

მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ამასთან ერთად ის აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც 8 მარტს გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილია.
რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება, გაქრება თუ არა ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან, ვინ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ და „აღორძინების“ ბედს – ამ საკითხებზე „თაიმერს“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ესაუბრება:
–დასავლეთი ისევ მოითხოვს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ამის საპასუხოდ დღეს, 9 მაისს, საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
–გიორგი გახარიამ ორ პუნქტიანი განცხადება შემოგვთავაზა. პუნქტი პირველი: პოლიტპატიმრები არ გვყავს, წერტილი. პუნქტი მეორე: შეთანხმებას დავიცავთ, წერტილი. პირველი ნაწილი იყო ოფიციალური პასუხი და ის ეკუთვნის ბიძინას და საკუთარ მომხრეებს. მეორე პასუხი იყო შეფარული და ნაწილობრივ იმედიანი. ის განკუთვნილია დასავლეთისთვის. მეორე პუნქტით გახარიამ თქვა, რომ ჩვენ შეთანხმებას დავიცავთ, ძალიან თუ არ გვაიძულებთ იმის აღიარებას, რომ შეთანხმებას ვიცავთო. გახარიას პასუხი „ორ წერტილიანი“ და ორნაწილიანი მაინც იყო, დანარჩენები კი „ორ სვლასაც“ ვერ აკეთებენ. ამიტომ მათი პასუხი იყო გაცილებით უფრო მდარე.
–გახარიას „ორ წერტილიანმა“, „ორ პუნქტიანმა“ გაცხადებამ იმედი გაგიჩინათ, რომ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ? თქვენ ხომ აღნიშნეთ, იმედიანი განცხადება არისო.
– იმედი გახარიამდეც გაგვიჩნდა. ის სანახევროდ და ნაწილობრივ მაინც ცდილობდა დასავლეთის თვალში სახე შეინარჩუნოს, ისევე როგორც დავით ზალკალიანი. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ უკრაინიდან გამოვიხმეთ ელჩიო. გამოწვევის ნაცვლად იხმარა ტერმინი „გამოხმობა“. იქვე დაამატა, უკრაინა სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და იქნებაო. ზალკალიანის ეს განცხადებაც ორპუნქტიანია. პირველი ნაწილი განკუთვნილი იყო ბიძინასთვის. მან დაუკვეთა უკრაინის კრიტიკა და ზალკალიანი იძულებული იყო პატრონის დაკვეთა შეესრულებინა. მეორე განცხადება, სადაც უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩენაზე საუბრობს, დასავლეთისთვის გაკეთდა.
–გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ორსახოვან განცხადებებს აკეთებს ანუ ერთი განკუთვნილია ბიძინასთვის, მეორე – დასავლეთისთვის.
–ამაზე ერთი საბჭოთა ანეკდოტი გამახსენდა. იყო ასეთი გამოთქმა: „ ვამბობთ ლენინს, ვგულისხმობთ პარტიას, ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს“. ამაზე ჩვენ ვხუმრობდით, რა ხალხია ეს კომუნისტები, ერთს ამბობენ და მეორეს გულისხმობენო. ახლა ჩვენც გვყავს ასეთი პოლიტიკოსები.
–რა ახსნას მოუძებნით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით მათიკაშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გაქრება. დაახლოებით იგივე თქვა არჩილ თალაკვაძემაც. როგორ შეიძლება ოპოზიცია გაქრეს?
–ეს ის ადამიანებია, რომლებიც ორსვლიან კომბინაციას ვერ თვლიან და ორუცნობიან განტოლებას ვერ ხსნიან. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ, ეს არის „შეკვეთა“ და იგი მდარედ უნდა შესრულდეს. ოპოზიცია თუ არ იარსებებს, გამოდის, რომ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა იქნება დამყარებული. ერთპარტიული სისტემიდან 30 წლის წინ გამოვედით! რას ჰქვია ოპოზიცია არ იქნება? რას ემყარება მათი განცხადებები? აგვიხსნან! სულ მაგას გაიძახიან – არ იქნება, არ იქნებაო და მაინც სულ არის ეს ოპოზიცია!
მე ერთ რამეს მივაქცევდი ყურადღებას. შეიძლება ისინი შეფარულად არიან ფსიქოანალიზით დაკავებულნი. ფროიდისტულად თვლიან, რომ მაღალი ალბათობით წააგებენ არჩევნებს და აორთქლდებიან პოლიტიკიდან, როგორც ეს „მოქალაქეთა კავშირს“ და „აღორძინებას“ დაემართა. თუ საკუთარ თავს გულისხმობენ, რომ ვერ ივარგებენ ოპოზიციად და ვერ გადარჩებიან, ამაში სავსებით დავეთანხმები.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაWELT DE: საქართველოში ვირუსის პოზიტიური მაჩვენებელი განპირობებულია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დაქვემდებარებაში მყოფი მმართველობის კრიზისის მენეჯმენტით