დავით ბაქრაძე: ვფიქრობ, წარმატებული იყო ის გზა, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გავიარეთ

ვფიქრობ, წარმატებული იყო ის გზა, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გავიარეთ და წარმატებას ვუსურვებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და მთლიანად ქვეყანას, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ბაქრაძემ შემცვლელზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

„მეც თქვენთან ერთად დაველოდები, როდესაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის სრულ ახალ შემადგენლობას წარუდგენს საზოგადოებას. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელებ მუშაობას. ზოგადად, ძალიან ენერგიული, საქმიანი, სწორი მიმართულებით და სწორ პრიორიტეტებზე დაფუძნებული აპარატი ჰყავს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო ის გზა, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გავიარეთ და მე წარმატებას ვუსურვებ ამ აპარატს და მთლიანად ქვეყანას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მთავარია, გაგრძელდეს მუშაობა ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან და მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოება.

“რაც მეტად ჩართულია საზოგადოების ფართო წრე, მით უფრო შედეგზე ორიენტირებულია ის საქმე, რომელსაც აპარატი ახორციელებს და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგიული კომუნიკაცია არის ასევე ერთ-ერთი ჩვენი ბოლო პერიოდში გაჩენილი პრიორიტეტი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიაქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს