დავით ბაქრაძე – ვებრძვით ორ ვირუსს – კოვიდს და „ქართულ ოცნებას“

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 15:42

დავით ბაქრაძე – ვებრძვით ორ ვირუსს – კოვიდს და „ქართულ ოცნებას“

ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და “ქართულ ოცნებასაც”, ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას,- ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრისას დაიცავენ ექიმების ყველა რეკომენდაციას, მაგრამ პოლიტიკური აქტივობა არ შეჩერდება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ იმის იმედი , რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი “ქართული ოცნება”, არ უნდა გვქონდეს.

გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და “ქართულ ოცნებასაც”, ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო ხელისუფლება რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა, თავიანთ მხარდამჭერებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდონ.

მდინარაძე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გარე სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ.

“ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი არის აბსოლუტურად განსხვავებული ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 15:42