დავით ბაქრაძე : თავად პრემიერმა და მინისტრებმა არ იციან როდის მოხდება მთავრობის ჩანაცვლება, გვახსოვს წინა პრემიერები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, არაფორმალური მართვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს მართვა არ ექვემდებარება პოლიტიკურ ლოგიკას. აქედან გამომდინარე, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ახლაც თუ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ეს იქნება არა ქვეყნისა და მოსახლეობის საჭიროებიდან, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის შეხედულებებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ბაქრაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოსალოდნელია თუ არა პრემიერ-მინისტრის ცვლილება უახლოეს პერიოდში.

„არავინ არ ვიცით, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციამ ან საზოგადოებამ, არამედ არ იცის თვითონ პრემიერ-მინისტრმა, არ იციან მინისტრებმა, არ იციან უმრავლესობის წევრებმა თუ როდის და როგორ მოხდება მთავრობის ჩანაცვლება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა. ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ იმიტომ, რომ არც მათ და არც უმრავლესობის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი. ამიტომ გონივრული პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა მოარული ხმების დონეზე მეც გაგონილი მაქვს და ვიცი ეს ინფორმაცია, რომ ასეთი ცვლილებები მზადდებოდა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკადრო ცვლილებები გადაიდო, არის სწორედ კორონავირუსის პანდემია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული