დავით ბაქრაძე : საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს

საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ს შეუძლია, საქართველოს მაგალითზე ყველას აჩვენოს, რომ მისი მხარდაჭერითა და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია, ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს.

„როდესაც ვამბობთ, რომ აშშ-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოც აშშ-ისთვის სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო იყო ერთი პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად და მოკავშირედ იქცა. ერთი მხრივ, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში ამერიკელებთან ერთად, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა არსობრივად შეიცვალა. თუ აქამდე მათ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ, ახლა წვრთნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვაა. გარდა ამისა, საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ის შეუძლია, საქართველოს მაგალითზე აჩვენოს ყველას, რომ მისი მხარდაჭერითა და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ეკონომიკურ პარტნიორობაზე გააკეთა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, აშშ-ი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებით. ამის მაგალითად მან ფოთისა და ბათუმის პორტებში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციები დაასახელა.

„როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის მხრიდან ჩნდება ინტერესი საქართველოსადმი, როგორც კვანძისადმი, დამაკავშირებლისადმი ამ დიდი ევრაზიული ეკონომიკების. ერთი მხრივ, ეს არის ჩინეთი, მეორე მხრივ თურქეთი, ევროკავშირი და ჩვენ ამ ყველასთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. საქართველო არის კვანძი მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია და ჩვენ ამის განვითარებას უკვე ვხედავთ“, – აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : ქვეყანას არ ჰყავს მმართველი ძალა, რომელსაც ხვალინდელი დღისკენ მიმართული ხედვა აქვს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი : პანიკის საფუძველი არ არსებობს – გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში, ჩვენც როგორმე გადავიტანთ