დავით ბაქრაძე : სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია

საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერზე” პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გაზიარების ფაქტს. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.

“ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკასთან მიმართებაში არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა წარმოდგენილი თეთრ სახლში და კონგრესის უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან -„რესპუბლიკელებთანაც“ და „დემოკრატებთანაც“. ამიტომ, მე საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი. ამით ის აგრძელებს იმ “წარმატებულ” ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და საქართველოს ინტერესებს უცხოეთში”,- განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება, სადაც ტრამპი ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.

banner
წინა სტატიაში„მოსამართლეების საკითხი ძალიან მძიმე პრობლემაა“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სასამართლოს მიმართავს