დავით ბაქრაძე : პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ, მას პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა ექნება

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მოქალაქეების წინაშე ვალდებულებას იღებენ, რომ წინასაარჩევნოდ გაცემულ ყველა დაპირებას შეასრულებენ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიზნით მათ დღეიდან ხალხში ე.წ. ვალდებულებათა ბარათის დარიგება დაიწყეს.

“ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია “ევროპულ საქართველოს”. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა “დაპირებამ” ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს. ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს, გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას”,-განაცხადა ბაქრაძემ.

მან გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, დღეიდან ისინი, ასევე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მოსახლეობას ვალდებულებათა ბარათებს დაურიგებენ.

“გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება”,-განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47
შემდეგი სტატიაშუახევის მერიიის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა