დავით ბაქრაძე: მივიღებთ იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველომ განიცადა

ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვარშავაში ნატოს სამიტის დაწყებას ეხმაურება. მინისტრმა მედიასთან იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ამ სამიტიდან აქვს. ბაქრაძის თქმით სამიტის შემდეგ საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება:
„მთავარი არის ის რომ სამიტის შემდეგ, როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველო იქნება უფრო დაცული. რაც გულისხმობს კონკრეტულ ღონისძიებებს იმისათვის რომ გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მისი თავსებადობა ნატოს ძალებთან. პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისიტ ჩვენ მივიღებთ იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველომ ამ მხრივ განიცადა. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი, როგორც აქამდე იყო, აისახება საბოლოო კომიუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს გაუსვამს ხაზს“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს