დავით ბაქრაძე მცირე მეწარმეებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე – მთავრობას მოუწია გადაედგა ნაბიჯი სწორი მიმართულებით

მთავრობის ინიციატივას მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ეხმაურება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობას მოუწია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუმცა არის რიგი საკითხები, მათ შორის, დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარის დადგენა, რაც დამატებით მსჯელობის საგანია.

„გადასახადების შემცირება არის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. კონკრეტულად მცირე ბიზნესზე წელიწადზე მეტია პარლამენტში დარეგისტირებული გვაქვს პროექტი, რომელიც გადასახადების მთლიანად მოხსნას ითვალსიწინებს. მართალია დაგვიანებით, მაგრამ მთავრობას მოუწია გაეთვალისწინებინა რთული ეკონომიკური ვითარება, რაშიც აღმოჩნდა მცირე ბიზნესი და მოუწია გადაედგა ნაბიჯი სწორი მიმართულებით. თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მაგალითად, დღგ-ის გადახდის ქვედა ზღვარის დადგენას და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ჩვენ ვეცდებით, რომ საპარლამენტო განხილვისას მთავრობა ვაიძულოთ დამატებითი ნაბიჯები გადადგას მცირე ბიზნესისკენ და წარმოდგენილ პაკეტთან ერთად დაარეგულიროს ის სხვა საკითხები, რომელიც ჯამში შექმნის დამატებით შეღავათებს მცირე ბიზნესისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

banner
წინა სტატიაშიურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვახტანგ ჯოხაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე – სასამართლო პროცესზე 51-ე სკოლის მანდატური დაიკითხება