დავით ბაქრაძე : ხვალ ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნება

ხვალ ბათუმში, ტრადიციული ბათუმის კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნება,  ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვევა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი.

“კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ველოდებით მაღალი დონის სტუმრებს, უპრეცედენტოდ მაღალი 100-ზე მეტი სტუმარი ჩამოდის უცხოეთიდან. ეს იქნებიან პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ძირითადი საკითხები, რომლებზეც კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ – ეს არის ასოცირების, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა საქართველოში, ვისაუბრებთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ვერ ავუვლით გვერდს „ბრექსიტის“ შემდგომ განვითარებას ევროპაში. რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, რასაც ეს კონფერენცია ემსახურება, ეს არის სტრატეგული კომუნიკაციის მნიშვნელობა ქვეყანაში. კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისარი. მეორე დღეს შედგება დიალოგი პრეზიდენტთან”, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ბაქრაძის თქმით, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

“ჩვენ ვისარგებლებთ შემთხვევით, რომ ევროკომისარი არის საქართველოში, აჭარის რეგიონში და აუცილებლად მოვინახულებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე საინტერესო ობიექტს. ეს ძირითადად გულისხმობს სოფლის მეურნეობის ფარგლებში ევროკავშირის დახმარების პროექტებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმუდმივი საცხოვრებლით კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია