დავით ბაქრაძე: იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

პოლიტიკური დიალოგი თემაზე: „საქართველო: მიღწევები, რეფორმების კონსოლიდაცია, მომავალი გამოწვევები და მისწრაფებები“ ევროპარლამენტის წევრის, ანდრეას მამიკინსის ორგანიზებით, გუშინ გაიმართა.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ გამოვიყენოთ დაგეგმილი არჩევნები როგორც შესაძლებლობა და აღარ აღვიქვათ ის გამოწვევად. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით შექმნილია თავისუფალი და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო, ასევე, სამართლიანი და დაბალანსებული მედია-გარემო. იმისათვის, რომ იყო ძლიერი ხელისუფალი, უნდა შეგეძლოს დაპირების შესრულება, იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო – ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს. პატივისცემა თავისუფლებასავითაა“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართული დისკუსიის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით დაფიქსირებულ პროგრესზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

პოლიტიკური დიალოგის პირველ სესიაზე საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, დისკუსიის მეორე ნაწილი კი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და გამოწვევების საკითხების განხილვას დაეთმო. ღონისძიებაში, როგორც საქართველოდან, ასევე, ევროპარლამენტის მხარიდან, პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში დაკითხვაზე ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელიც უარს აცხადებენ
შემდეგი სტატია“ის რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი”-ირმა ნადირაშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს