დავით ბაქრაძე : გიორგი კვირიკაშვილს დღეს დებატებში ველოდები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გაიმართება დებატები, რომელშიც მისი ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს და პრემიერს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს დებატებში.

„დღეს „რუსთავი 2“-ზე დებატები უნდა გაიმართოს ძირითად პოლიტიკური პარტიების პირველ ნომრებს შორის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი არ გეგმავს დღეს ამ დებატებზე მობრძანებას და „ქართული ოცნების“ მიმართ დაგროვილ შეკითხვების პასუხის გაცემას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი თავს არიდებს დებატებს. დავით ბაქრაძის თქმით, კვირიკაშვილს არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ სატელევიზიო ფორმატში მთელი კამპანიის განმავლობაში.

„მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მისთვის ძალიან მძიმე იქნება უპასუხოს ყველა იმ კითხვას და სამართლიან პრეტენზიას, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვილი „ქართული ოცნების“ მიმართ ქვეყნის უკუსვლის, შეუსრულებელი დაპირებების გამო, მაგრამ მოვუწოდებ მას დებატებში მონაწილეობას. დებატებში მონაწილეობა ნიშნავს საზოგადოების და ამომრჩევლის პატივისცემას. მე მას ველოდები „რუსთავი 2-ის ეთერში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან მოუწოდა გიორგი კვირიკაშვილს, რომ პატივი სცეს საზოგადოებას და ამომრჩეველს და პასუხი გასცეს ყველა პრობლემას და საკითხს, რომელიც აწუხებს ამომრჩეველს.

banner
წინა სტატიაში„ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა”- GFK-ის ვიცეპრეზიდენტი კონკურენტ მკვლევარ ორგანიზაციებს პასუხობს
შემდეგი სტატიაცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს