დავით ბაქრაძე: ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, არ ვაპირებ კამერების წინ ჭორაობას

ამერიკელ პარტნიორებს ძალიან აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც სრულად იზიარებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, არის, რომ ეს ქვეყანა მშვიდად და წყნარად მივიყვანოთ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შედეგი იყოს თავისუფალი და თანაბარი კონკურენციის პირობებში მიღწეული, რომელიც იქნება მისაღები საქართველოსთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ეს იყო ძირითადი თემა, რაზეც ვისაუბრეთ. ამ თემის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღელვებთ აქ მიმდინარე პროცესები. მათ შორის, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ასევე “რუსთავი 2”-ის საკითხი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამხელა პრობლემას გადაგვარჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია “რუსთავი 2″-თან მიმართებაში. დღეს ვიდგებოდით უზარმაზარი საერთაშორისო პრობლემის წინაშე. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო იყოს ნორმალური”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, ასევე საგარეო საკითხებსაც.
“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭება რჩება მტკიცე და გადამწყვეტი საქართველოს მომავალი გაერთიანებისთვის, ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, ნატოზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ასევე არის ერთ-ერთი გადამწყვეტი გაწევრიანებისთვის”, – განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება თავად ამერიკული მხარის პოზიციას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი მხრიდან ამაზე საუბარი არასწორი იქნება.
“ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ კამერების წინ ჭორაობას, და მით უმეტეს, ტყუილებით ჭორაობას. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მე გავახმოვანე ჩვენი პარტნიორების პოზიცია. გავიმეორებ იმას, რომ მთავარი თემა იყო, თუ როგორ მოხდეს ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება და როგორ მივიყვანოთ ქვეყანა მშვიდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საკმარისია ვიყოთ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგი არის დასაცავი
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი “ნიუ იორკ თაიმსის” კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა