დავით ბაქრაძე: ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად

ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს, – ასე მიმართ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, მისი მთავარი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ამოცანა იქნება სიღარიბისა და გაჭირვების დამარცხება.

„საქართველოს არასდროს არ ჰქონია ადვილი დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრების თაობები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის და ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენმა თაობამ ჩვენმა გუნდმა, ხელები ჩამოვუშვათ, შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და საქართველოს მომავალი გავაყოლოთ იმ უნიათო გუნდს, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, არ მოხდება ასე. ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად. „ქართული ოცნების“, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, რომელმაც ეს უიმედობა მოიტანა. ბრძოლაში ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ და არა ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად დადგომა. ბევრი განსხვავებაა ჩვენს შორის, მაგრამ არის ერთი საერთო, რომელიც განუზომლად მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება – ამ საერთოს სახელია საქართველო. საქართველოს გულისთვის ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. საქართველოს სჭირდება ცვლილებები და უკეთესობა, ეს არ უნდა მოდიოდეს დაპირისპირებით, ქვის სროლით, შუღლით. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ, რა ხდება ქვეყანაში, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ ხელს იღებდა. ამ ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად წაიყვანს წინ ერთიან საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

უცნობია ქართული ოცნების კანდიდატის ვინაობა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ისინი კანდიდატს კანონით დადგენილ ვადაში დაასახელებენ

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა
შემდეგი სტატიალორა სმიტი გაუპატიურებულია, 4 წლის ბავშვს კი მიბჯენით ესროლეს