დავით ბაქრაძე: აქ იქნება მწვავე პოლემიკაც და დებატებიც და მოგიწოდებთ შეეგუოთ ამ აზრს

მე მინდა, რომ საქართველოს პარლამენტს კარგი თავმჯდომარე ჰყავდეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლების განმავლობაში პარლამენტში უმრავლესობას მოუწევს მკაცრი კრიტიკის მოსმენა, ვინაიდან “ენმ” აპირებს ისაუბროს ყველა იმ პრობლემაზე რაც ქვეყანაშია.
”მე მესმის და ვუერთდები ჩემი კოლეგების სკეპტიციზმს მის წარსულთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ საქართველოს პარლამენტს კარგი თავმჯდომარე ჰყავდეს. კარგი თავმჯდომარე არ ჭირდება უმრავლესობას, 118 კაციან უმრავლესობას ჭირდება ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩაქუჩს დაარტყამს და მიკროფონში ილაპარაკებს. კარგი თავმჯდომარე ჭირდება პარლამენტს, ოპოზიციას და საქართველოს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მე მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოს პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე, რომელიც იმუშავებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მიმართული იქნება კომპრომისზე, გამთლიანებასა და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისკენ. იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ მწვავე და კრიტიკული, ნებისმიერ ნაბიჯში, რომელსაც ჩვენ ჩავთვლით, რომ მიმართულია ხალხის უკეთესი მომავლისკენ, მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. არც მართული ოპოზიცია ვარგა და არც ისეთი ოპოზიცია, რომელიც კარგს ვერ ხედავს…
მომავალი წლების განმავლობაში აქ იქნება მწვავე პოლემიკაც, მწვავე დებატებიც და ნებისმიერ თქვენგანს ვისაც დისკომფორტი გაქვთ გამოსვლებით, კრიტიკით, განსხვავებული აზრის მოსმენის, მოგიწოდებთ შეეგუოთ იმ აზრს, რომ ეს პარლამენტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დისკუსიის და კრიტიკის პირობებში და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს საპარლამენტო ოპოზიცია…
ბატონმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული მიზეზებია იმის პრობლემა რაც ხდება. ადამიანი საკუთარ კეთილდღეობას აფასებს საკუთარ ოჯახში და არა რეგიონის ფონზე. როდესაც ადამიანი სახლში მიდის, მას აინტერესებს რამდენი მიაქვს თანხა და არა ის რამდენი მიაქვს ვიღაცას სამხრეთ კორეის რომელიღაც ოჯახში. ყველა ოჯახი მსჯელობს საკუთარი კეთილდღეობით, საკუთარი სოციუმით, საკუთარი ქვეყნით. ამიტომ, თუ ჩვენ ვაპირებთ გაგრძელებას იმ რიტორიკის, რომ ყველაფერი კარგად არის, რეგიონში ლიდერები ვართ და ქვეყანა გუგუნებს, ძალიან ბევრი და მწვავე კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ ამ დარბაზში, რადგან ჩვენ ვისაუბრებთ გაჩერებულ ეკონომიკაზე და გაჭირვებაზე.”, – აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.
დავით ბაქრაძე არჩევნების საკითსაც შეეხო და განაცხადა, რომ მმართველ გუნდს კრიტიკის მოსმენა ამ მიმართულებითაც მოუწევს:
”მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა არჩევნებთან დაკავშირებით. მე მახსოვს 2012 წლის პირველი სხდომა, რომელიც იყო ძალიან მწვავე. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მტრებად აღიქვამდნენ, პირველად ნახეს ერთმანეთი. მაგრამ განსხვავება იყო ის, რომ იმ დარბაზში ყველას ჰქონდა განცდა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, დღეს კი ეს განცდა არ არის. ამ არჩევნებში გაიმარჯვა არა ”ქართულმა ოცნებამ”, არამედ სისტემამ. გაიმარჯვა სისტემამ, რომელმაც მოაწყო კორცხელი და დაუსჯელი დატოვა დამნაშავეები; გაიმარჯვა სისტემამ, რომელიც ადამიანებს სახლში აკითხავდა და აშინებდა სოციალური დახმარებების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით; გაიმარჯვა იმ სისტემამ, რომელიც ოთხკუთხედად შემოხაზვას ავალდებულებდა საკუთარი კანდიდატურის ამომრჩეველს; გაიმარჯვა იმ სისტემამ, რომელიც გამწვანებულ უბნებზე შალახოს აცეკვებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის ნაცვლად, რომ მათ ხმები დაეცვათ; გაიმარჯვა იმ სისტემამ, რომელმაც 48%-იანი ხმების პირობებში 78 მანდატი მისცა მმართველ უმრავლესობას. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ კრიტიკა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეხუთე წიგნი გოგოზე დრაკონის ტატუთი 2017 წელს გამოვა
შემდეგი სტატიაThe Economist-მა პუტინის, ტრამპის და ლე პენის კარიკატურა გამოაქვეყნა