დავით ბაქრაძე : ამერიკული მხარე დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია

ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტთან შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

„ამერიკული მხარე დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. ჩვენ უკვე მოვისმინეთ გუშინ ბატონი კენტის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იყოს დაშვებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებში და არჩევნებმა უნდა ჩაიაროს დემოკრატიულად. ამიტომ, დღესაც, ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ. მას აინტერესებდა, როგორც პრობლემები, ასევე – ჩვენი პოზიტიური ხედვა და პროგრამა მომავალთან დაკავშირებით.

ვისაუბრეთ ასევე უსაფრთხოების საკითხებზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ ამერიკული მხარე უახლოეს მომავალში მიიღებს და ადამიანები, ვინც არიან ამ სიაში, უახლოეს მომავალში გახდებიან ამერიკის მხრიდან სანქციების ობიექტი.

ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, ანუ ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი და ამერიკული ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

„მთავარი პრობლემა უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უფრო და უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ამას იზიარებენ სხვა კანდიდატებიც. რაც მნიშვნელოვანია, ამას იზიარებს არასამთავრობო სექტორიც. ამიტომ, ჩვენი ამოცანა 28 ოქტომბერს უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვიდეს, ხალხმა გამოხატოს საკუთარი ნება და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოიგოს არჩევნები და წაართვას ხალხს არჩევანი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
შემდეგი სტატია“ეს არის ხელოვნური პრობლემების შექმნა შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის, რომ აირჩიონ მთავარსარდალი” – დიმიტრი შაშკინი