დავით ასათიანი: პერსონალურ თავდასხვამზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, თუმცა….

“ინტერესთა კონფლიქტის დროს თუ შეხედულებათა განსხვავებების მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ თავიდან ავიცილო პიროვნული დაპირისპირება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც არ ვიცნობ.

მაგრამ, უნდა გამოვეხმაურო სასამართლო სისტემის მმართველი რგოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ თურმე მე, ადვოკატთა კორპუსი და ჩემთვის საპატივცემულო სხვა პირთა წრე „ახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევას სასამართლოზე და შედეგის მისაღწევად იყენებენ ყველა დასაშვებ, დაუშვებელ და ბინძურ ხერხს და მეთოდს. არ ერიდებიან შეურაცხყოფას, ლანძღვას, მუქარას, დაშინებას“.

ასეთი განაცხადის აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. სამწუხაროა უბრალოდ ის, რომ განცხადების ავტორი და სისტემის სხვა მესვეურნი ვერ იაზრებენ ადვოკატურის როლსა და ადგილს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისა და მის მამართ ესოდენ დაკარგული ნდობის აღდგენის პროცესში და ასეთ მტრულ კონტექსტში განიხილავენ ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს.

პერსონალურ თავდასხვამზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. თუმცა, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი: სასამართლო სისტემაში არაერთი ღირსეული მოსამართლე საქმიანობს, ხოლო იურიდიულ პროფესიაში არაერთი მაღალი რეპუტაციის პროფესიონალია. ადვოკატურა ყველა ძალას იხმარს, რომ სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე და ღირსეული ადამიანები მოხვდნენ სასამართლო სისტემის ზემდგომ ორგანოებში და არა ისინი, ვისაც არ გააჩნიათ არც პროფესიული კოლეგიალობა და არც იმის ხედვა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს სისტემა საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად.”

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი

banner
წინა სტატიაშიანატოლი მილჩენკო:ბორჯომი-სოხუმი-უემბლი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში მომხდარი ბინის ქურდობის 2 ფაქტი გახსნა