
1921 წლის 19 თებერვალს ბოლშევიკურმა რუსეთმა, მეორე ფრონტი გახსნა საქართველოს წინააღმდეგ. წითელი არმიის 31 დივიზიამ გადალახა მდინარე ფსოუ და დაიწყო შეტევა გაგრის მიმართულებით.
ქართული არმიის დასახმარებლად დაიძრა ფრანგული ესკადრა ადმირალ ჰენრი დოუმენელის მეთაურობით. 20 თებერვალს მდინარე მუხადირთან ბოლშევიკებმა შეძლეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ მოყვნენ ფრანგული ესკადრის ცეცხლის ქვეშ, რასაც ქართული არმიის კონტრშეტევა მოყვა და პოზიციები აღდგენილ იქნა.
ქართულ არმიას აფხაზეთში ხელმძღვანელობდა გენერალი დავით ართმელაძე.
21 თებერვალს წითლები დიდ შეტევას იწყებენ, მაგრამ ისევე ხდვდებიან ფრანგული ფლოტის დარტყმის ქვეშ, როგორც უშუალოდ ფრონტზე ისე ზურგში. განადგურებული წითელი არმიის 273 პოლკის და 91 ბრიგადის შტაბები. ბრძოლა ქართული არმიის გამარჯვებით დასრულდა.

23 თებერვალს გაგრა ეცემა. ქართული არმიის ნაწილები მდინარე ბზიფზე მაგრდებიან სადაც იწყება ახალი გააფთრებული ბრძოლების სერია. წითელი არმიელები გააფთრებით უტევენ ფრონტს, მათ დამატებითი ძალა მოსდით უკვე მთლიანად საბჭოთა მე 9 არმიის სახით, რომლის ნაწილი იყო 31 დივიზია. მაგრამ ფრანგული ფლოტი მათ ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობს, რომლის წყალობით ქართული არმია 28 თებერვალს გაგრას იბრუნებს.
მაგრამ მერე არმიაში მოდის ცნობა რომ გენერალმა კვინიტაძემ მოგებული ბრძოლების შემდეგ თბილისი უბრძოლველად დათმო, მცხეთიდანაც სასწრაფოდ წესით უკან დაიხია. ამ სრულიად გაუგებარმა გადაწყვეტილებამ არმიაში არევ-დარევა გამოიწვია. არადა მანამდე მოდიოდა ცნობები თბილისის მისადგომებთან წითლებს შავ დღეს აყრიან და ომი ჩვენს სასარგებლოდ მიდის, აქ კი მოულოდნელად ასეთი ცნობები მოვიდა რომ, არმია ხაშურისკენ იხევს უკან.

1-5 მარტის ჩათვლით ზედიზედ ეცემა გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი, სოხუმი და გულირიფში. ეს იმ პირობებში რომ ფრანგული ესკადრა ისევ შავ დღეს აყრის რუსებს. ახლაც გაუგებარია რა მოხდა? არმია რომელიც ორი კვირა სასწაულებს ჩადიოდა ბრძოლის ველზე, დეზორგანიზებულ ძალად იქცა რომელიც საშინლად სწრაფი ტემპით იხევდა უკან.
გენერალმა დავით ართმელაძემ არმიის გაჩერება და თავდაცვის პოზიციების გაკეთება მდინარე კოდორთან სცადა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. 2 დღიანი ბრძოლის შემდეგ წითელი არმია გაარღვევს ქართული არმიის პოზიციებს და 7 მარტს იკავებს ოჩამჩირეს, 8 მარტის საღამოს კი გადის მდინარე ენგურთან.
მომდევნო დღეს კი რუსულმა არმიამ გადმოლახა მდინარე ენგური და დაიკავა ზუგდიდი. გენერალ ართმელაძის შენაერთებმა სენაკისაკენ დაიხიეს. გაჩნდა საფრთხე, მოწინააღმდეგეს სამტრედიაც დაეკავებინა და ქართული ნაწილები, სანამ ისინი ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთიდან ევაკუაციას მოახდენდნენ, საჯავახოს მიმართულებით ალყაში მოქცეულიყვნენ. 10 მარტს ფრონტზე გიორგი მაზნიაშვილი ჩამოდის, რომელიც მდინარე ცივთან ამარცხებს მოწინააღმდეგის ავანგარდს, რაც ქართულ არმიას დიდი ალყისგან იხსნის.
მაგრამ ეს მხოლოდ ლოკალური წარმატება იყო. 12 მარტს წითელი არმია იკავებს სენაკს და აბაშას, 13 მარტს კი შედის ფოთში. დავით ართმელაძის არმიისგან დარჩენილი 1200 კაციანი რაზმი ბათუმისკენ იხევს უკან.

P.S ღმერთმა გაანათლოს სამშობლოსთვის დაღუპული ყველა გმირი ჯარისკაცი და ჩვენი მხრიდან დიდი მადლობა ეკუთვნის ადმირალ ჰენრი დიუმენელს და მის მეზღვაურებს.
ისინი ბოლომდე გმირულად გვეხმარებოდნენ და იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
ერთი რომ სახმელეთო ჯარებს ეხმარებოდნენ წითლების წინააღმდეგ და მეორე ბოლშევიკების ფლოტი საერთოდ რომ არ მოქმედებდა შავ ზღვაზე ეგეც ამათი დამსახურებაა!
მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს!

















