დავით აბულაძის „კუჭის დაპატარავების“ ფორმულა, რომელიც ადამაინებს აბედნიერებთ-ექსკლუზიური ინტერვიუ დავით აბულაძესთან

არავინ უარყოფს, რომ ჭარბი წონა თანამედროვე მსოფლიოს დაავადებაა. ამიტომ, ადამიანები წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული დიეტაა, თუმცა დიეტას ერთი „ნაკლი“ აქვს – ნებისმიერი ჩვენგანი წონას ვიღაცის „ბრძანებით“ ვკარგავთ. ტვინს ეს „ბრძანება“ გათავისუფლებული არ აქვს და როგორც კი დიეტას „ჯანდაბაში გავუშვებთ“, წვალებით დაკლებული კილოგრამები უკან კოსმიური სიჩქარით „ბრუნდებიან“. აი, მაშინ კი, როცა ბარიატრიულ ოპერაციას ვიკეთებთ, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ, კუჭს ვიპატარავებთ, კილოგრამების უკან „დაბრუნება“, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ბრძანებას, კუჭი კი არა, ტვინი გვაძლევს, ესე იგი, აღარ გვშია. ეგაა ოღონდ: ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ერთი მარტივი წესის დაცვა გვიწევს – პირველი სამი თვე მყარ საკვებს ვერ ვიღებთ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დღეში, ვთქვათ, ნახევარი კილოგრამი ნაყინი უნდა შევჭამოთ.

მოკლედ, პათოლოგიური ჭარბი წონის დამარცხების გზა ნაპოვნია და ეს გზა ბარიატრიული ქირურგიაა, რომლის საქართველოში ერთ-ერთი ფუძემდებელიც, პროფესორ ზურაბ ცხაკაიასა და კოლეგებთან ერთად, ქართულ-იტალიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით აბულაძეა. ბატონ დავითთან საუბარი ბანალური კითხვით დავიწყე, ანუ დავინტერესდი, ბარიატრიული ქირურგიით რატომ დაინტერსდა.

დავით აბულაძე: მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი – ბაბუაჩემი ექიმი იყო და შინ წნევის აპარატი თუ სხვა სამედიცინო, ასე ვთქვათ, იარაღი ყოველთვის გვქონდა. თავდაპირველად, ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, კარდიოლოგობას ვაპირებდი, მაგრამ ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია კარგად რომ გავიაზრე, მესამე კურსიდან ქირურგობა გადავწყვიტე. საერთოდ, ამ ასაკში ადამიანს დიდი ადრენალინი აქვს და მძაფრი ემოციები სჭირდება, თუმცა ისიც შევიგნე, რომ ძალიან ბევრი სწავლა და ბევრი ინფორმაციის ათვისება იყო საჭირო. მოკლედ, სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, თბილისის პირველ საავადმყოფოში ინტერნატურა გავიარე, სადაც კათედრის გამგე პროფესორი ზურაბ ცხაკაია იყო და მუშაობაც იქვე, თორაკარულ ქირურგიაში დავიწყე.

1997 წელს, საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც იტალიელი და ამერიკელი ქირურგებიც მონაწილეობდნენ. სწორედ მაშინ ვნახეთ მეთოდი, რომ მცირედი დაზიანებით ვეებერთელა მასშტაბის ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი. გადავწყვიტეთ, ყველაფერი ეს აგვეთვისებინა.

„თაიმერი“: ვინ გადაწყვიტეთ?

დავით აბულაძე:  მე, მერაბ კილაძემ და ლადო ჭიპაშვილმა. სათავეში კი ზურაბ ცხაკაია ჩაგვიდგა. სწავლება და სტაჟირება ჯერ აშშ-ში გავიარეთ, შემდეგ – იტალიაში. ყველაფერს ამის შემდეგ კი, იტალიურმა და ქართულმა კლინიკამ ერთობლივი პროექტი გააკეთეს. სხვათა შორის, იტალიელებმა მთელი საოპერაციო გვაჩუქეს, ეს ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული აქცია იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და თბილისის მერი, ვანო ზოდელავა გვერდით დაგვიდგნენ, თუმცა ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, პროფესორ ზურაბ ცხაკაიას დამსახურებაა!

„თაიმერი“: ბატონო დავით, ჩაგეკითხებით, ბარიატრიულ ქირურგიას ყურადღება წმინდა პროფესიოული ინტერესის გამო მიაქციეთ?

დავით აბულაძე:  დიახ. თავდაპირველად ლაპერასკოპიულ ოპერაციებს ვაკეთებდით. პირველი ბარიატრიული ჩარევა, ანუ ვერტიკალური გასტროპლასიტიკა 2002 წელს გავაკეთეთ. ამას ე.წ. ბანდაჟირება მოჰყვა. 2007 წლიდან კი ე.წ. სლივის გაკეთება დავიწყეთ.

„თაიმერი“: მაპატიეთ, მაგრამ თავის დროზე ჭარბი წონის პრობლემა თქვენც ხომ არ ჰქონდათ?

დავით აბულაძე:  ჭარბი წონა ახლაც მაქვს, მაგრამ ეს პათოლოგიური ჭარბი წონა არაა. ჭარბი წონა პათოლოგიურად მაშინ ითვლება, როცა სახეზე მეტაბოლური სინდრომია და შესაბამისად, წონის ზრდის შეჩერება ვერ ხერხდება. წონის პათოლოგიური ზრდა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველ წელს თავისი საერთო ზომის 5-10 პროცენტს იმატებს.

თუ, მაგალითად, ჩემთან 55 წლის ადამიანი მოვიდა და მითხრა, ბოლო 15 წელია, 110 კილოგრამი ვარო, ძალიანაც რომ შემეხვეწოს, ოპერაციას მაინც არ გავუკეთებ.

„თაიმერი“: რატომ არ გაუკეთებთ?

დავით აბულაძე:  იმიტომ, რომ ის დაავადება არ აქვს, რომელიც წონის მატებას იწვევს, ანუ ჩვენ ჭარბ წონას კი არა, დაავადებას ვმკურნალობთ.

„თაიმერი“: ბატონო დავით, სიტყვამ მოიტანა და, რამდენიმე თვეა სახელმწიფო ბარიატრიულ ოპერაციებს აღარ აფინანსებს, რადგან ჩვენი ჯანდაცვის „მამები“ თვლიან, რომ ყველაფერი ეს კოსმეტიკური ოპერაციაა.

დავით აბულაძე:   ჭარბი წონა საქართველოშიც დაავადებად ითვლება.

„თაიმერი“: დაავადებად შესაძლოა, თეორიულად ითვლება, თორემ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო აღარ აფინანსებს.

დავით აბულაძე:   სახელმწიფო ბარიატრიულ ოპერაცებს იმიტომ კი აღარ აფინანსებს, რომ დაავადებად არ თვლის. თვლის, მაგრამ საშუალება არ აქვს.

„თაიმერი“: დაფინანსების საშუალება?

დავით აბულაძე:   დიახ. თავიდან, როცა ამ ოპერაციებს აფინანსებდა, სახელმწიფო ამბობდა, წელიწადში ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონი გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხუთი მილიონია საჭიროო. მერე, ვუთხარით, 5 კი არა, ბიუჯეტში ამ საქმისთვის 15-20 მილიონია გასათავლისწინებელი, რადგან წელიწადში საქართველოს 2000-2500 ბარიატრიული ოპერაცია სჭირდება, რადგან არაჭარბწონიანებსა და ჭარბჭონიანებს შორის ბალანსი მოხდეს, ანუ ჭარბწონიანთა ზრდა შეჩერდეს, თორემ დღეს შეუჩერებელი ზრადაა.

„თაიმერი“: ანუ, სახეზე ჭარბი წონის ეპიდემიაა?

დავით აბულაძე:  დიახ, ეს ეპიდემია მთელ მსოფლიოშია. სხვათა შორის, საქართველოში მსოფლიოს ბარიატრიულ ასოციაციათა ექსპერტი ჩამოვიდა და კვლევა ჩაატარა, რომლის თანამხადაც, საქართველოში პათოლოგიურად ჭარბწონიანი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანია და თუ ზემოხსენებულ ბალანსს არ დავიცავთ, 10-15 წელიწადში, ნახევარიმილიონი კი არა, გაცილებით მეტი ჭარბწონიანი ადამიანი გვეყოლება.

„თაიმერი“: სახელმწიფოსთვის ეს არგუმენტი მისაღები არ იყო, რომ ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება გაეგრძელებინა?

დავით აბულაძე:   სახელმწიფომ, ამ თემას განვიხილავთ და მერე, გადავწყვეტთო. საერთოდ, წელიწადში მილიონიანი ბიუჯეტი ამ ოპერაციებს არ ყოფნის, რადგან ერთი ოპერაციის სუფთა ხარჯი 10 ათასი ლარია, ანუ სახელმწიფო ამას იხდიდა. შესაბამისად, მილიონით წელიწადში მხოლოდ 100 ოპერაციის დაფინანსება შეიძლება და ეს მაშინ, როცა წელიწადში 800-900 ოპერაციას ვაკეთებდით.

მოკლედ, თავის დროზე სახელმწიფო ექსპერტებმა დაწერეს, რომ ამ კუთხით მილიონი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ 6-7 მილიონიც არ გვყოფნიდა და სახელმწიფო ზარალზე გადიოდა. ამიტომაც, ეს პროექტი გააჩერეს.

„თაიმერი“: ზარალი გასაგებია, მაგრამ პროექტის გაჩერებით პათოლოგიური ჭარბწონიანობის პრობლემა ხომ არ მოგვარდა?

დავით აბულაძე:   რა თქმა უნდა, არ მოგვარდა, მაგრამ როცა ფული არ გაქვს, რა უნდა ქნა? სხვათა შორის, ძვირადღირებულ სტენტების დაფინანსებაც ასე შეაჩერეს.

„თაიმერი“: ძვირადღირებული სტენტების დაფინანსების შეჩერებაზე აჟიოტაჟი ატყდა.

დავით აბულაძე:   დიახ, ატყდა, რადგან ინფარქტი მომენტალურად კლავს, ჭარბწონიანობა კი თანდათანობით.

„თაიმერი“: მას შემდეგ, რაც დაფინანსება შეწყდა, ბარიატრიული ოპერაციები შემცირყდა?

დავით აბულაძე:   კლინიკებს გააჩნია. აი, მაგალითად, ჩვენთან ოპერაციები პირველ ორ თვეს შემცირდა, შემდეგ კი, რაკი თანხა მაინც გადასახდელია, პაციენტები იმ კლინიკებს ირჩევენ, სადაც მაღალი ხარისხი და მეტი გამოცდილებაა. ამასთან, იმ კლინიკების რაოდენობაც შემცირდა, სადაც ბარიატრიული ოპერაციები კეთდებოდა. საერთოდ, საქართველოში ბარიატრიული ქირურგია აქტიურად 2011-2012 წლებში დაიწყო, მეთოდი თანდათან პოპულარული გახდა და ამ თემით ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმი დაინტერესდა.

„თაიმერი“:  ანუ, ბარიატრია მოდური გახდა, არა?

დავით აბულაძე:   არა.

„თაიმერი“: აბა?

დავით აბულაძე:   აი, მაგალითად, აჭარიდან პაციენტი საოპერაციოდ თბილისში რატომ უნდა მოდიოდეს? მოდის, ვიდრე ზემოხსენებული დადგენილება იქნებოდა მიღებული, ბარიატრიული ოპერაცია 18 კლინიკაში კეთდებოდა და თვეში თითოეულს 20-25 ოპერაცია ჰქონდა. ახლა კი მხოლოდ სამი-ოთხი კლინიკაა დარჩენილი, სადაც ყოველ დღე ორი ოპერაცია მაინც კეთდება.

„თაიმერი“: კერძო სადაზღვევო ორგანიზაციები ბარიატრიულ ოპერაციებს არ აფინანსებენ?

დავით აბულაძე:   არა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეა. მაგალითად, აშშ-ში სადაზღვევო სისტემა ძალიან განვითარებულია, მაგრამ იქაც კი ამ ოპერაციიის დაზღვევა ძალიან მცირე თანადაფინანსებით ხდება, თანაც მანამდე პაციენტმა, დაახლოებით, 2-წლიანი საკვალიფიკაციო პერიოდი უნდა გაიაროს.

„თაიმერი“: საქართველოში საკვალიფიკაციო პერიოდი რამდენია?

დავით აბულაძე:  ევროპაში, აშშ-სა და საერთოდ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამ ოპერაციის დაფინანსება სახელმწიფოს საკუთარ თავზე აქვს აღებული, ძალიან ბევრი ბიუროკრატიული მექანიზმია შექმნილი, რადგან პაციენტების კლინიკებში, ასე ვთქვათ, მივარდნა ერთბაშად არ მოხდეს.

საფრანგეთში წელიწადში 50 ათასი ოპერაცია კეთდება, აშშ-ში – 280 ათასი, გერმანიაში –  25 ათასი, ბრიტანეთში კი – 15 ათასი და ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები პაციენტებს ერთ ან ორწლიან რიგში ამყოფებენ, რადგან კოლაფსი არ მოხდეს. ჩვენთან ამის საშიშროება არ არსებობს იმიტომ, რომ თვეში, მაქსიმუმ, 45-50 ოპერაცია გავაკეთოთ, ანუ დღეში, პრაქტიკულად, სამი ოპერაცია. ერთი სიტყვით, მომზადებისთვის მხოლოდ ის დროა საჭირო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას სჭირდება, ანუ ოთხიდან ექვს კვირამდე, თუმცა იყო ერთეული შემთხვევა, როცა პაციენტი ოპერაციისთვის წელიწად-ნახევარი ვამზადებთ. მაგალითად, გყვავდა მამაკაცი პაციენტი, რომელიც 360 კილოგრამს იწონიდა.

„თაიმერი“: ეს თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ჭარბწონიანი პაციენტი იყო?

დავით აბულაძე:   დიახ.

„თაიმერი“: პაციენტმა ოპერაციის შემდეგ, რამდენი დიაკლო?

დავით აბულაძე:   ახლა 130 კილოგრამია.

„თაიმერი“: ოპერაციის შემდეგ წონაში კლება რამდენ ხანს გრძელდება?

დავით აბულაძე:   დაახლოებით, წელიწად-ნახევარი.

„თაიმერი“: ოპერაციის შემდეგ წონაში მომანტების შანსი არებობს?

დავით აბულაძე:   დიახ, ეს შანსი ქალებში, დაახლოებით, 20 პროცენტია, მამაკაცებში კი –  5 პროცენტი და ამის მიზეზი ისევ და ისევ პაციენტია.

„თაიმერი“: რატომ?

დავით აბულაძე:   ჭარბწონიანობა მხოლოდ ინსულინრეზიდენტობა და ჭამითი ქცევები არაა. ეს მულტიფაქტორული დაავადებაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სოციალურ, ფსიქოლოგიურ სტატუსსა და გენეტიკურ განწყობას.

„თაიმერი“: ბატონო დავით, რა ამის პასუხია და, ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ ზრდასრულებში კეთდება თუ არასრულწლოვანებშიც?

  დავით აბულაძე:  არასრულწლოვანებშიც. საერთოდ, ლიცენზიით უფლება გვაქვს, რომ ბარიატრიული ოპერაციები 16 წლის ასაკიდან გავაკეთოთ. ისე, 14 და 16 წლის ბავშვი ფიზიოლოგიურად ერთნაირია. მსოფლიოში ბავშვებს ბარიატრიულ ოპერაციებს მასობრივად არსად უკეთებენ, თუმცა ავსტრიაში ეს ოპერაცია 4 წლის ასაკიდან კეთდება.

„თაიმერი“:  ჭარბწონიანთა გარდაცვალების სტატისტიკა როგორია?

დავით აბულაძე:  პათოლოგიური ჭარბი წონა იმას ნიშნავს, რომ სხეულის მასის ინდექსი 45-ზე მაღალია და ასეთ დროს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლოვობა, დაახლოებით, 15 წლით მცირდება.

იქ, სადაც გამოხატულია ე.წ. პიკვიკის სინდრომი, ანუ როცა ადამიანს აქვს მაღალი წნევა, ხვრინავს, აქვს ძილიანობა, ამ დროს ინფაქტის რისკი 20-30 პროცენტია, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ კი, სიკვდილობის მაჩვენებელი 0,1 პროცენტია. პათოლოგიური ჭარბწონიანობის ოპერაცია ადამიანს ისეთ დაავადებებს აცილებს, როგორიცაა, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადებები და ასევე, შაქრიანი დიაბეტი, ანუ დიაბეტი კი არ იკურნება, მაგრამ ამ ოპერაციის შემდეგ დიაბეტს ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა აღარ აქვს.

„თაიმერი“:  თუ პაციენტს, ვთქვათ, ასთმა, ან რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება აქვს, ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება მაინც შეიძლება?

დავით აბულაძე:  ოპერაციის უკუჩვენება ნებისმერი დეკონპენსირებული დაავადება.

„თაიმერი“:  დეკონპენსირებული დაავადება რას ნიშნავს?

დავით აბულაძე:  დეკონპენსირებული დაავადება ისეთი დაავადებაა, როცა პაციენტს მუდმივი დახმარება სჭირდება. აი, მაგალითად, ადამიანს სისხლის ისეთი შედედების მაჩვენებელი აქვს, რომ მუდმივად მედიკამენტზე უნდა იყოს, ან პაციენტი მუდმივი ონკოდაკვირვების ქვეშაა.

„თაიმერი“:   ესე იგი, თუ ადამიანს რომელიმე დეკონპენსირებული დაავადება აქვს და, პარალელურად, პათოლოგიური ჭარბწონიანობაც აწუხებს, ბარიატრიულ ოპერაციას ვერ გაიკეთებს, არა?

დავით აბულაძე:  იცით, საქმე რაშია?

„თაიმერი“:  რაში?

დავით აბულაძე:   ჩვენს პაციენტს ყველანაირი კვლევა უტარდება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა და ვთქვა, ფარისებრი ჯირკვლის, პროსტატის და ძუძუს კიბო აღმოვაჩინეთ და ბარიატრიაზე საუბარი, რა თქმა უნდა, აღარ იყო. ეს ადამიანები ონკოლოგთან გავუშვით და, პრაქტიკულად, გადავარჩინეთ, რადგან დაავადება უსიმპტომო სტადიაზე აღმოვაჩინეთ. საერთოდ, კიბო, მით უმეტეს, ენდოკრინული სიმსივნეები, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, იკურნება!

ისეთი შემთხვევაც გვქონია, როცა ადამიანს ბარიატრიული ოპერაცია უნდოდა, მაგრამ შევხედეთ და, ვთქვათ, ღვიძლი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დიეტოლოგთან გადავამისამართეთ.

„თაიმერი“:  სხვათა შორის, ბევრი ჭარბწონიანისგან მსმენია, ძალიან ცოტას ვჭამ, მაგრამ მაინც ვსუქდებიო. ამაზე რას მეტყვით?

დავით აბულაძე:   იყო დრო, როცა ბევრს, ახლა კი ცოტას კი არა, ნორმალურად ჭამენ, მაგრამ მათი მეტაბოლური სინდრომი ისეა ჩამოყალიბებული, რომ მეტაბოლიზმი შეჩერებულია. ჭარბწონიანმა, რომელიც ნორმალურად იკვებება და წონაში ვერ იკლებს დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით, 400 კალორიამდე უნდა მიიღოს, რაც დღეში, დაახლოებით, 20 ლუკმაა. ასევე, უნდა მიიღოს 2 ლიტრი წყალი. ამ რეჟიმს კი, წლების განმავლობაში, ასე ვთქავთ, აცვევინებს ბარიატრიული ოპერაცია.

„თაიმერი“:  ყოფილა შემთხვევა, რომ ბარიატრიული ოპერაცია გაუკეთებია, მაგრამ ადამიანს წონაში არ დაუკლია?

დავით აბულაძე:   თუ კუჭი კარგადაა მოჭრილი და თუ პაციენტისთვისაც ეს ოპერაცია სწორადაა შერჩეული, მაშინ წონაში არდაკლება გამორიცხულია.

„თაიმერი“:  „ოპერაციის სწორად შერჩევა“ რას ნიშნავს?

დავით აბულაძე:   ჩვენს პაციენტს თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, მე და ასევე, ფსიქოლოგი ერთად განვიხილავთ. შეიძლება, მე თანახმა ვიყო, მაგრამ ფსიქოლოგმა ან კარდიოლოგმა თქვას, არა, ოპერაციას აზრი არ აქვსო, ანუ როცა მოტივაცია მხოლოდ ფორმაა, ვცდილობ, პაციენტი დავარწმუნო, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან მთავარი სხეულის ფორმა კი არა, არამედ, ჯანმრთელობაა!

საერთოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჭარბი წონა ორი ფაქტორითაა გამოწვეული – ცხოვრების სტილითა და კვების რეჟიმით. ამიტომ, ადამიანმა ცხოვრება ბედნიერი უნდა გახადოს და თუ იგივე ბარიატრიული ოპერაციით, ვთქვათ, ხუთ კილოგრამზე მეტს ვერ დაიკლებს, ეს სუფთა ქირურგიული პრობლემა იქნება!

„თაიმერი“:  ანუ, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას, რომ ოპერაცია არასწორადაა გაკეთებული?

დავით აბულაძე:   დიახ, ან დიდი კუჭი დაუტოვეს, ან პაციენტს შეგნებული არ ჰქონდა, რომ ამ ოპერაციის მერე, მყარ საჭმელს ვეღარ შეჭამდა და დიდი რაოდენობით კალორიებს ვეღარ მიიღებდა. ამიტომ, კალორაჟი რომ ჩაანაცვლოს, ვთქვათ, ნაყინს ჭამს, თუმცა დღეში ნახევარი კოლოგრამი ნაყინის ჭამა თავისუფლად შეიძლება და შესაბამისად, ვერც წონაში დაიკლებს.

„თაიმერი“:  მოკლედ, ბატონო დავით, წონაში დაკლება ადამიანს ბედნიერს ხდის, არა?

დავით აბულაძე:   დიახ, წონის დაკლების შემდეგ ადამიანი ბედნიერი ორი ფაქტორით ხდება: ჯერ ერთი, ფიზიკურადაა ბედნიერი, ანუ ჯანმრთელი და ისეთი ფიზიკური აქტივობაც შეუძლია, როგორიც გახდომადე არ შეეძლო. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სირბილი, სექსი და ასე შემდეგ.

„თაიმერი“:   რა, ჭარბწონინებს სექსი არ აქვთ?

დავით აბულაძე:   (იღიმის) აქვთ, მაგრამ უჭირთ. ამას სახალხოდ არ ამბობენ, მაგრამ ძალიან ბევრს ეს პრობლემა აქვს.

„თაიმერი“:   სექსის პრობლემა ჭარბწონიან მამაკაცებში უფრო ჭარბობს თუ ქალბატონებში?

დავით აბულაძე:   ორივეში.

„თაიმერი“:   ისე, თქვენი პაციენტების გენდერული ბალანსი როგორია?

დავით აბულაძე:   ქალბატონები და მამაკაცები თანაბრად არიან, თუმცა შედეგი მამაკაცებში უკეთესია.

„თაიმერი“:  რატომ?

დავით აბულაძე:   თავს უფრო უვლიან.

„თაიმერი“:  ქალბატონები თავს არ უვლიან?

დავით აბულაძე:    ჩვენ პატრიარქალური ქვეყანა ვართ.

„თაიმერი“:  ეს რა შუაშია?

დავით აბულაძე:   ჩვენთან უმუშევარი ქალბატონი არ არსებობს.

„თაიმერი“: ეს როგორ?

დავით აბულაძე:   იგივე სამედიცინო ისტორიაშია მამაკაცებს უმუშევარს ვუწერთ, ქალბატონებს კი – დიასახლისს, ანუ ქალი ან სადმე მუშაობს, ან სახლში, თუმცა არიან ქალბატონები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ ახერხებს, რომ ყოველ დღე რამდენიმე საათი გამოძებნოს და საკუთარ თავს დაუთმოს. ისეთი ქალბატონებიც არიან, რომლებისთისაც მთავარი სხვისი სამსახურია. ეს „სხვა“ კი შვილი, ქმარი, მოკლედ, ოჯახია.

საერთოდ, ნებისმიერი რუტინა დამღლელია და თუ შეცვლის შანსი არ არსებობს, მაშინ სტრესიდან გამოსასვლელად ქალბატონები ტკბილს ეძალებიან, მამაკაცები კი – ალკოჰოლს, ანტიდეპრესანტებს ან სხვა უბედურებას. ყველაფერ ამით კი, საბოლოო ჯამში, კალორიების მიღება იზრდება…

„თაიმერი“: ბატონო დავით, საუბარს ისევ ბანალური კითხვით დავამთავრებ – ყველაზე ჭარბწონიანი პაციენტი გახსოვთ?

დავით აბულაძე:   ყველა ოპერაცია სტანდარტულია და ბარიატრიის უნიკალურობაც ესაა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ვთქვათ, ხუთ-ლიტრიანი კუჭი დაგხვედრია. ასეთი ოპერაციის შემდეგ როგორც ექიმი, კმაყოფილებას გრძნობ, რომ ამხელა მონსტრს მოერიე.

ერთი პაციენტი გვყავდა, პავლე, ახალციხიდან, რომელიც 360 კილოგრამს იწონიდა და რომელიც ათი წელი ფეხზე ვერ დგებოდა. 340 კილოგრამამდე რომ ჩამოგვეყვანა, დაახლოებით, ერთი წელი ფსიქოლოგიური საუბრები დაგვჭირდა. მისი საოპერაციო შეყვანა ძალიან ემოციური იყო. ასევე, ემოციურია ყველა ბავშვის ოპერაცია.

„თაიმერი“:  ოპერაციამდე პაციენტს ჭამა ეკრძალება?

დავით აბულაძე:    სამი-ოთხი კვირა დიეტა აუცილებელია, ოპერაციამდე 24 საათით ადრე კი – სრული შიმშილი.

„თაიმერი“:  წარმატებებს გისურვებთ, ბატონო დავით!

 

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: დღეს თქვენ შემოგცქერით ჩვენი მომავალი თაობები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები