,,დავასრულოთ ერთმანეთის ჭამა, დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით”

ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი; ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სისწრაფე განვითარებაში; სწორედ ამის პირობას და გარანტიას ვიძლევით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარუდგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უმთავრესი ამოცანაა, არც ერთი წუთი აღარ გაცდეს და სწრაფი ნაბიჯებით ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა.

„დავასრულოთ სიგიჟეები, ერთმანეთის ჭამა, დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით, სიყვარულით, მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შევიკრათ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე და ყველა ჩვენგანის შესაძლებლობების რეალიზაცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს უკვე ჩაყრილია საფუძველი, რათა ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს აუცილებლად მიიღწევა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე და გამოყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში, ახალი საწარმოს შექმნის ყველა მსურველს, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა, ხოლო სახელმწიფო 50%-იან გარანტიაში შედის კომერციულ ბანკთან, რათა მსესხებელს -ახალ მეწარმეს გირაო გაუმარტივოს.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველამ ვიგრძნოთ შედეგი იმისა, რისი საფუძველიც ერთად ჩავყარეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გულანთებული ადამიანები გვჭირდება – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ასეთი სისტემა მუდამ კლავს სანდრო გირგვლიანს!!!