დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა – ეუთოს დამკვირვებელი

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ეს ის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლის შეფასებებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

“ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო. მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს. არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირება და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამ ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც. მიუხედავად იმისა, რომ მასმედია და სხვადასხვა პარტიებთან იყო აფილირებული, მედიის აქტიურობამ დებატების ზრდას მნიშვნელოვანი ხელი შეუწყო. მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა, უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი და ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა.

იონკერმა თავის შეფასებაში ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად დაკავშირებული მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიცურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა. განსაკუთრებით იმის მიმართ, თუ როგორ იქნენ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები,“ – აღნიშნა იონკერმა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა.

“ჩვენ კიდევ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის. ასევე აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებაც,“ – განაცხადა იონკერმა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა საზოგადოებას მედიის მუშაობაც შეაფასა.

“მედიასაშულებები ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარ საარჩევნო სუბიექტებს და შესაძლებლობას უქმნიდა მათ, რომ თავიანთი გზავნილები დებატებისა და თოქ-შოუების მეშვეობით გადმოეცათ, გარდა პოლიტიკური რეკლამებისა. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კრიტიკული და ანალიტიკური გაშუქების მნიშვნელოვანი ნაკლებობა. ყველაზე პოპულარული მაუწყებლების, იმედის და რუსთავი2-ის მიერ კამპანიის გაშუქება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და თითოეული მათგანი კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ იხრებოდა,“ – განაცხადა მან.

კამპანიის დაფინანსება იყო ერთ-ერთი შეფასების ნაწილი, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

“მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნა კამპანიების შემოწირულობებს შორის, სადაც მმართველმა პარტიამ პირადი შემოწირულობების 91% მიიღო. აუდიტის სახელმწიფო სამსახური პროფესიონალურად მუშაობდა, თუმცა, ფინანსური ანგარიშების შემოწმების და არჩევნების დღემდე დასკვნების გამოქვეყნების საბოლოო ვადის არარსებობის გამო, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა შეზღუდული იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, წინა რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება,“ – განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

შეფასებისას ასევე განხილული იყო კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი, არჩევნებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლების მონაწილეობა ხმების დათვლის პროცედურაზე.

banner
წინა სტატიაში48.61% – “ქართული ოცნება”, 27.05% – “ნაციონალური მოძრაობა” – ქუთაისში ყველა უბანი დათვლილია
შემდეგი სტატიაჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი – დავით ბაქრაძე