დავაყენებთ შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მამა გიორგის გათავისუფლებაზე – გიორგი ფანცულაია

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ, თუმცა ადვოკატმა კონკრეტული თანხა არ დაასახელა.

„მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. იმედიანად ვუყურებთ სასამართლოს პროცესებს. დავაყენებთ შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მამაოს გათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, სხდომა უნდა იყოს ღია და საჯარო. ადვოკატის განცხადებით პროცესის საჯაროობის მომხრეა თავად ბრალდებულიც.

“იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო სხდომას გახდის საჯაროს, რომლის კანონიერი საფუძველი სრულიად არსებობს, რათა ჟურნალისტებს, ნებისმიერ ადამიანს არ დარჩეს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოება იყოს პირველი მაკონტროლებელი საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი ჩირქი არ მოეცხება ამ პროცესების საჯაროობით საპატრიარქოს. მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალია, რომ პროცესები უნდა იყოს ღია. დეკანოზი გიორგი მამალაძეც ამ პოზიციაზეა და მასაც სურს, რომ საკუთარი სიმართლე არა მარტო მოსამართლესთან დაადასტუროს, არამედ მთელ საზოგადოებასთან, რათა მას არ ჰქონდეს დეკანოზის მიმართ კითხვის ნიშნები, რომლებიც ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა გაუჩნდეთ”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურატურის მასალების მიხედვით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინტერპოლმა თურქი ძებნილი დააკავა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის დანაშაულს დავადასტურებთ- პროკურორი