დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ძალადობას – ტატუმაშვილი-ოთხოზორიას საქმეზე საერთაშორისო თანამეგობრობას ლომჯარია რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას.
„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე სხვა ასეთი მრავალი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩეს. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის საკითხებზე, შრომის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე.

ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ელჩიმა ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
შემდეგი სტატიაNDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს